თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ქაბულში უნივერსიტეტზე თავდასხმა მოხდა, დაიღუპა 20 ადამიანი, 15 დაშავდა, იუწყება РИА Новости ჯანდაცვის სფეროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
სროლა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უნივერსიტეტთან ახლოს ორშაბათს მოხდა. მედიაში ასევე იუწყებოდნენ, რომ ადგილზე აფეთქებაც გაისმა. შენობაში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს-ში განაცხადეს, რომ ადგილზე სპეცრაზმი გამოცხადდა. მოგვიანებით ავღანეთის შსს-მ განაცხადა, რომ სპეცსამსახურები ატარებენ სპეცოპერაციას შენობაში, რომლიდანაც ასობით ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
მედია იუწყებოდა, რომ აფეთქება და სროლა იმ დროს გაისმა, როდესაც ავღანეთის და ირანის წარმომადგენლები უნივერსიტეტში წიგნების გამოფენას ხსნიდნენ.
„თალიბანის“ რადიკალური მოძრაობა მომხდართან კავშირს უარყოფს.
ამავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე უცნობი პირი თავს დაესხა სამხედრო ბაზას, რომელიც ქუნდუზის პროვინციაში მდებარეობს. თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 24 ადამიანი, სამხედროების ჩათვლით.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმკვლელი ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ მანამდე განაცხადა, სანამ ის თავის განზრახვას სისრულეში მოიყვანდა.
„თვითმკვლელი ტერორისტი, რომელსაც ქუნდუზის პროვინციაში ავღანეთის სასაზღვრო ჯარების საგუშაგოზე თავდასხმა ჰქონდა განზრახული, შენიშნეს და იმაზე ადრე მოახდინეს მისი ლიკვიდირება, მანამ ის თავის მიზანს მიაღწევდა“, - იუწყებოდა სამინისტრო Twitter-ში. უწყების მონაცემებით, ურთიერთსროლის შედეგად, რომელიც მოგვიანებით დაიწყო, ბოევიკების ნაწილი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს.
კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ასევე სამშაბათს, იმამ შაჰიბის რაიონში. აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, შემდეგ კი ბოევიკებსა და სამხედროებს შორის ურთიერთსროლა დაიწყო.
საერთო ჯამში ჰოსპიტალიზებულია 14 სამხედრო მოსამსახურე და 10 მშვიდობიანი მოსახლე.