ეგზიტპოლის შედეგები: პარლამენტში ათამდე პარტია შედის

ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს.
Sputnik

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შვიდიდან ათ პარტიამდე შედის, ეგზიტპოლების შედეგები რამდენიმე ორგანიზაციამ კენჭისყრის დასრულებისთანავე გამოაქვეყნა.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. 

„ქართული ოცნება“ იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზეა – ეგზიტპოლები

პარლამენტში ყველაზე ნაკლები პარტია ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით  ამერიკული კომპანია Edisson Research–ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით შედის სულ შვიდი. „ქართული ოცნება“ 46%, „ძალა ერთობაშია“ 0 28%, „ევროპული საქართველო“ – 5%, „გირჩი“ და „ლელო“ 3–3% და „სტრატეგის აღმაშენებელი“ და „პატრიოტთა ალიანსი“ – 2–2%.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation–ის ეგზიტპოლის შედეგებით პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება“ - 52,26%, „ძალა ერთობაშია"- 25,33%, „ევროპული საქართველო“ - 4,2%, „გირჩი“ - 3,52%, „ლელო“ - 2,61%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2,37%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,29%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1,22%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქე“ 1,02%. 

ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ფრანგული კომპანია IPSOS–ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით ბარიერი ათმა პარტიამ გადალახა: „ქართული ოცნება“ –  41%, „ძალა ერთობაშია“ - 33%, „ევროპული საქართველო“ – 5%,“ლელო“– 4%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%, „გირჩი“ – 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ 2– 2%, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“  „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“1–1%. 

10 პარტია შედის ასევე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies–ის ეგზიტპოლის შედეგებით: „ქართული ოცნება“ – 55%, „ძალა ერთობაშია“ - 23%. „ევროპული საქართველო“ - 3%,  „გირჩი“ - 3%, „ლელო საქართველოსთვის“  - 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, „ლეიბორისტული პარტია“- 1%, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“ - 1%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ - 1%. 

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.