თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის მთავრობა საქართველოს COVID-19-თან ბრძოლის მიზნით დამატებით 20,8 მილიონ ევროს გამოუყოფს.
შესაბამისი შეთანხმება გააფორმეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და სამხრეთ კავკასიაში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა კლაუს ფეიგელმა. საუბარია საკრედიტო და საგრანტო შეთანხმებაზე „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში“.
პროექტის ფარგლებში 15 მილიონი ევრო, რომელიც საკრედიტო შეთანხმებითაა გამოყოფილი, პანდემიით დაზარალებულთათვის სოციალური დახმარების აღმოსაჩენადაა განკუთვნილი.
ხოლო 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომელიც საგრანტო შეთანხმებითაა გამოყოფილი, სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამის შესაბამისად, განკუთვნილია იმ პირთა სოციალურ დახმარებაზე, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობენ.
გერმანულ ბანკთან გაფორმებული შეთანხმება იმ ფინანსური დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისათვის მოიზიდა.
დონორების მხარდაჭერა კრიზისთან ბრძოლაში
პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოხდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეთა სოციალურ მდგომარეობაზე. მთავრობა იძულებული იყო მოეძიებინა დამატებითი რესურსები ბიზნესისა და მოქალაქეების დასახმარებლად, ასევე ეპიდემიის გავრცელების აღსაკვეთად და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის. ამ მიზნებისთვის გამოყოფილი დამატებითი ხარჯი 3 მილიარდ ლარს აღემატება.
საქართველოს მთავრობა მოსახლეობისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს >>
საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც სსფ-სგან კრიზისის პერიოდში დახმარებას მიიღებს. სსფ დათანხმდა პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ გაგრძელებას, რაც ნიშნავს საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას წლის ბოლომდე.
გარდა ამისა, ზოგიერთი საერთაშორისო დონორი საქართველოს 2020 წლის ბოლომდე ჯამში 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს.