ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ შუმერები მკვეთრი სუნის გამო ნარგავების პარაზიტებისაგან დასაცავად იყენებდნენ. ეგვიპტის ფარაონების ბრძანებით კი პირამიდების ყველა მშენებლის რაციონში უნდა ყოფილიყო ფიზიკური ძალისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ბერძნებს ის ფილტვის დაავადების უებარ წამლად და მამაკაცური უშვილობისას პანაცეად მიაჩნდათ, ხოლო ძველი რომაელები თილისმასავით კისერზე დაკიდებულს დაატარებდნენ დაავადებისაგან დასაცავად.
მოკლედ, ნივრის ამბავს „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე მოგიყვებათ.
- მიკროსკოპის არარსებობისა და მიკრობიოლოგიის არცოდნის მიუხედავად, შუა საუკუნეში ჩემი კოლეგები თვლიდნენ, რომ ნიორს გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვა შეეძლო და ჭირის ეპიდემიების დროს ინფექციის პროფილქტიკისათვის იყენებდნენ.
მარტო სამკურნალო თვისებები კი არა და შუა საუკუნეების ევროპელი ჯადოქრების მაგიურ პროდუქტებს შორის ნიორიც იყო - ავი თვალისაგან დამცავი ამულეტები და ათასგვარი კეთილი ჯადო-მისნობა მის გარეშე არ კეთდებოდა.
ლუი პასტერი პირველი იყო, რომელმაც უკვე მიკროსკოპის ერაში დაადასტურა, რომ იქ, სადაც ნივრის ნაჭერი იდო, ბაქტერიები არ იზრდებოდნენ.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი ოფიციალურად ითვლება ნივრის მსოფლიო ქალაქად.
ეს პატარა ქალაქი ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და სულ რაღაც 7000 ბინადარი ჰყავს. სწორედ აქ მოჰყავთ მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ხარისხის იისფერი ნიორი Ajos Morados და ყოველ ზაფხულს ნივრის საერთაშორისო კონგრესსაც ატარებენ.
ისტორიაზე ბევრი გიამბეთ, ახლა ვნახოთ, რას შეიცავს ეს ჯადოსნური ბოსტნეული ისეთს, რომ ნივრის ქალაქ ლას პედრონერასში ძეგლიც კი დაუდგეს.
ნივრის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, სელენიუმი, მანგანუმი, იოდი, ეთერზეთები. შეიცავს C ვიტამინს და B ვიტამინების სრულ სპექტრს.
მთავარი სამედიცინო ღირსება, რის გამოც ნიორი ოდითგან ითვლებოდა ინფექციებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშულებად, ფიტონციდებია. ეს აქროლადი ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც მწერების, პარაზიტების, ვირუსებისა და ბაქტერიების, სოკოების განადგურება შეუძლია.
შემთხვევითი არაა, ძველ ქართულ კარაბადინებში შეგხვდებათ ნივრის შემცველი ჭიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების რეცეპტებიც.
ნივრის შემადგენლობაში მეცნიერებმა ნივთიერება ალიინი იპოვეს, რომელიც ნივრის უჯრედების ციტოპლაზმაშია და ნივრის კბილის დაჭრისას, რასაც უჯრედების დაშლა სდევს. თან ალიინი რეაქციაში შედის ფერმენტ ალიცინიაზასთან. შედეგად მიიღება ნივთიერება ალიცინი, რაც ნიორს სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.
ალიცინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ის გამოიყოფა ოფლით, შარდით, სუნთქვის დროს. წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია. კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომელებიც ხშრად იყენებენ ნიორს, წლის მანძილზე 3-ჯერ უფრო იშვიათად ავადობენ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით. ნივრის ექსტრაქტი ადგილობრივად გამოყენებისათვის ოდითგან ცნობილია, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება.
უკანასკნელ წლებში ჩატარებული რამდენიმე კვლევა მის კიდევ ერთ ეფექტს ადასტურებს -აღმოჩნდა, რომ ნიორს არტერიული წნევის რეგულირება, თრომბების წარმოქნის თავიდან აცილება და ლიპიდების დარღვევების მოწესრიგებაც შეუძლია. არც ძველი ბერძნების გამოცდილება ყოფილა აზრსმოკლებული -ნიორი ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის სინთეზზეც მოქმედებს.
ექიმები არ გვირჩევენ ნივრის მიღებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს. უკუნაჩვენებია ასევე პანკრეასისა და თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაშიც. გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიისაკენ მიდრეკილების დროს სიფრთხილე გვმართებს.
- როდიდან შეიძლება პატარას ნიორი გავასინჯოთ?
- 9-10 თვიდან მხოლოდ მოხარშული, სადილების შემადგენლობაში, სამი წლიდან კი უმი სახითაც შეგვიძლია შევთავაზოთ.
და ბოლოს, ხალხურ მედიცინას ბევრი რეცეპტი აქვს ვირუსული ინფექციებისაგან თავდაცვისათვის.
აი, ერთი მათგანი:
500 გრამ თაფლს დაუმატეთ ერთი ლიმონის წვენი და ორი თავი ნივრის წვენი. აურიეთ კარგად. სახალხო მკურნალები ამბობენ, რომ დღეში ერთი სუფრის კოვზი ეს ნარევი ვირუსულ ინფექციებს აგარიდებთ.
როგორი გემო აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდა შეიძლება.
თქვენი ექიმი ჯანმრთელობას გისურვებთ!