ვინ არის თქვენი პირადი ექიმი – ამის გაგებას სპეციალური ვებ-გვერდით შეძლებთ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა – 12 611 პაციენტი ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

გამყრელიძე: შემთხვევათა ზრდა გაგრძელდება, პიკი ნოემბრის მეორე–მესამე კვირაში გვექნება

„ვგეგმავთ ჩვენი ბაზების მეშვეობით თითოეული მოქალაქის იდენტიფიკაცია მოვახდინოთ – თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა დღემდე... თითოეულ მოქალაქეს გავაცნობთ ოჯახის ექიმს და, შესაბამისად, გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ნომრებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, 18 692 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოებში მკურნალობს 3 832 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 249 პირი, 12 611 კი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 30303-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა – 215, კარანტინის რეჟიმშია 3769, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3832 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2249 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.