ნინო ბურჯანაძემ სასესხო შეღავათებისთვის ბრძოლა დაიწყო

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის მიერ ინიცირებულ პეტიციას რამდენიმე საათში 700-ზე მეტი ხელმომწერი გამოუჩნდა.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თბილისში მეტროს სადგურებთან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყო, რომელთა მიზანია ფორსმაჟორად გამოცხადდეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეებისთვის სასესხო შეღავათები დააწესოს.

23 ოქტომბრის 14:00 საათის მონაცემებით, უკვე შეგროვდა 750 ხელმოწერა.

ბურჯანაძე ხელისუფლებას და ცესკოს არჩევნების გაყალბების სქემის შემუშავებაში ადანაშაულებს
„ამ პეტიციას პირველი ჩემი ხელმოწერა აქვს, რომელიც ეხება პანდემიის ფორსმაჟორულ ვითარებად გამოცხადების საკითხს და იმას, რომ ბანკების მიერ მოქალაქეებისთვის პანდემიის დაწყებამდე აღებულ სესხებზე დაგროვილი პროცენტი გაიქვითოს“, – განაცხადა ნინო ბურძჯანაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

პარტიის ლიდერის თქმით, ყველა ხელშეკრულებაში წერია, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ხელშეკრულებების პირობები იცვლება.

ძლიერი ლიდერი და სუსტი პოზიციები: ნინო ბურჯანაძის პარტიის პარადოქსები
„მოქალაქეებს მივმართავ, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ამ სესხების შეჩერება, გადავადება, პროცენტებისა და ჯარიმების მოხსნა, შემოუერთდით ამ პეტიციას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.  

ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომლის წარდგენასაც პარტია საქართველოს მთავრობისთვის გეგმავს, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. მაღალი საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე მუდამ წარმოადგენს საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ძირითად პრეტენზიას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ.