როგორ ვმართოთ COVID-19 ბინაზე: მთავრობამ ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. დღევანდელი მონაცემებით, აქტიური 14 628 შემთხვევიდან უმეტესობა მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის რეკომენდაციები შეიმუშავა. 

ამირან გამყრელიძე: საქართველომ „წითელ ზონაში“ გადაინაცვლა

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში აქტიური 14 628 შემთხვევიდან 9 162 პაციენტი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში კოვიდ-ინფიცირებულებისთვის მთავრობის მთავარი რეკომენდაციები შემდეგია:

- დარჩით სახლში. არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;

- არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით;

- დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრთან უშუალო კონტაქტის გარეშე. იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, რეკომენდაციაა – ოჯახის ყველა წევრმა გამოიყენოს ნიღაბი, არ გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ა.შ.;

- მიიღეთ ბევრი სითხე;

- გაანიავეთ ოთახი ხშირად, ფანჯრის გაღებით. საგულდაგულოდ გაწმინდეთ და გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები, ასევე სველი წერტილები. მაგალითად, მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;

- არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარტი ექიმის დანიშნულების გარეშე;

- ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მოერიდეთ ზურგზე წოლას;

- ყურადღებით დააკვირდით საკუთარ სიმპტომებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან 112-ს. სასურველია ოპერატორი გააფრთხილოთ, რომ COVID-19 გაქვთ დადასტურებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმშია 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.