- მმართველი პარტია
- დაფუძნდა 2011 წლის მაისში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება დაისახა მიზნად.
- შექმნიდან წელიწად-ნახევარში „ოცნებამ“ ამავე სახელობის კოალიციის შემადგენლობაში საპარლამენტო არჩევნები მოიგო და ჩამოაყალიბა მთავრობა.
- პარტია პირველი ოთხი წელიწადი ქვეყანას კოალიციის შემადგენლობაში მართავდა. კოალიციაში შედიოდნენ „რესპუბლიკური პარტია (ლიდერი დავით უსუფაშვილი), „კონსერვატიული პარტია“ (ზვიად ძიძიგური), „თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია), „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გოგი თოფაძე), „ეროვნული ფორუმი“ (კახა შარტავა).
- „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს მოიგო. თუ მესამედაც მოიგო 2020 წელს, პოლიტიკურ რეკორდს დაამყარებს – საქართველოში სამი ვადით ხელისუფლებაში ჯერ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ყოფილა.
- „ოცნებამ“ ორჯერ გაიყვანა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი: გიორგი მარგველაშვილმა არჩევნები მოიგო 2013 წელს, სალომე ზურაბიშვილმა – 2018 წელს. მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს არ მალავდა თავის ოპოზიციურ განწყობას და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ვეტოს ადებდა.
- კოალიციიდან პარტიაში. უკვე 2016 წელს პარტია დამოუკიდებელი ერთეული გახდა, ხოლო კოალიციიდან ყოფილი თანამოაზრეები – „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ეროვნული ფორუმი“ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდნენ. ყველაზე დიდხანს „ქართულ ოცნებასთან“ „კონსერვატიული პარტია“ თანამშრომლობდა, რომელიც ოპოზიციაში 2019 წელს, საკონსტიტუციო შესწორებების ჩავარდნის შემდეგ გადავიდა.
- ცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში პარტიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ამჟამად პარტიამ თავისი ლიდერების ნაწილი დაკარგა მარიამ ჯაშის, ეკა ბესელიას, ზვიად ძიძიგურის, გედევან ფოფხაძის და სხვათა სახით. მათთან ერთად „ოცნებამ“ თავისი მომხრეების ნაწილიც დაკარგა.
პარტიის შედეგები წინა არჩევნებზე
წელი | არჩევნების სახეობა | ხმების რაოდენობა | წილი |
2012 | საპარლამენტო | 1 181 862 | 54,97% |
2013 | საპრეზიდენტო | 1 012 569 | 62,12% |
2014 | ადგილობრივი არჩევნები | 719 431 | 50,82% |
2016 | საპარლამენტო | 856 638 | 48,68% |
2017 | ადგილობრივი არჩევნები | 838 154 | 55,81% |
2018 | საპრეზიდენტო | 615 572 (I ტური) 1 147 701 (II ტური) | 38,64% (I ტური) 59,52% (II ტური) |
- პარტიის ლიდერები და წამყვანი ფიგურები: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის ექს-მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
- პარტიის იდეოლოგია – მემარცხენე–ლიბერალური, როდესაც სამოქალაქო თავისუფლებების უზრუნველყოფა არ გამორიცხავს სახელმწიფოს ზრუნვას მოქალაქეებზე. ლიდერები თავიანთ იდეოლოგიას ამგვარად გამოხატავენ: „პირველ ყოვლისა – ადამიანი“.
- პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, გატარდა ჯანდაცვისა და განათლების რეფორმები, დასრულდა ქვეყნის გადასვლა მართვის საპარლამენტო სისტემაზე.
- „ოცნების“ სახელს უკავშირდება რამდენიმე სკანდალი: რიგი გახმაურებული გამოძიებების ჩავარდნა; რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში, რასაც საპროტესტო აქციები და რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის გაუქმება მოჰყვა; საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების ჩავარდნა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
- არჩევნებზე პარტია მიდის ნომრით 41 და ლოზუნგით „ერთად საქართველოს წარმატებისთვის“. პირობას დებს, რომ გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს, ნატოსთან ინტეგრაციის კურსს, ასევე ევროკავშირის წევრობის თაობაზე განაცხადს შეიტანს 2024 წელს.
„ქართული ოცნების“ რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით
NDI | 17% |
IRI | 33% |
Gorbi | 56,3% |
Ipsos | 24,5% |
Edison Research | 36% |
Survation | 55,6% |
სხვა პარტიების შესახებ იხილეთ შემდეგ მასალებში:
რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად>>
რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად>>