„არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად“ – გომელაური

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სპეცოპერაციის პირველი ეტაპი – მძევლების უვნებლად გათავისუფლება წარმატებით შესრულდა. მეორე ეტაპია დამნაშავის პოვნა და დასჯა.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მთავარი ამოცანა იყო – მძევლები არ დაშავებულიყვნენ და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

„თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ. რომ დავაკავებთ ამ ადამიანს, გამოვალ და ღიად ვიტყვი“, – განაცხადა გომელაურმა.
Lacasa de Zugdidi ანუ ბლოკბასტერები ისვენებენ! ზუგდიდის სპეცოპერაციამ სოცქსელები ააფეთქა

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა.

„ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ, და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმებული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება – ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა“, – განაცხადა მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც განაცხადა, რომ მიღწეული შედეგი არაა საბოლოო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ბოროტმოქმედებს დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ.

გახარია: შსს–ს ძირითადი ამოცანა თავდამსხმელის უმოკლეს ვადებში დაკავებაა >>

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.