ისინი სინდისის პატიმრები არიან: კარტოგრაფების საქმეზე არასამთავრობოებმა პეტიცია გაავრცელეს

პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავა.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა „არასწორი რუკების გამოყენებისა“ და „ისტორიული საზღვრის ამსახველი რუკების დამალვის“ აბსურდული ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია პეტიციაში, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ გაავრცელა, იუწყება „პირველი არხი“.

ექსპერტები ადასტურებენ საქართველოს პრეტენზიებს დავით-გარეჯის სადავო ტერიტორიაზე>>

პეტიციას ხელს აწერენ მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები: ​„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „თანასწორობა 17“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“, „სამოქალაქო იდეა“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

კარტოგრაფების საქმე: სააპელაციო სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოვლენების შემდგომი განვითარება და პოლიტიკური კონტექსტი ცხადყოფს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა „სინდისის პატიმრები“ არიან.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ორი ადამიანი ციხეშია, არის მმართველი პარტიის დაკვეთა. ნებისმიერი უკანონო ბრძანების უსიტყვოდ მორჩილმა სამართალდამცველმა სისტემამ საქმე ამ შემთხვევაშიც თეთრი ძაფებით შეკერა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობოების პოზიციით, საფრთხე ექმნება სტაბილურობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იმ პროგრესს, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მიაღწია.

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე>>

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საზღვრის დემარკაციის პოლიტიზაციის მცდელობა. იგი ამომრჩეველთა ეროვნული და რელიგიური გრძნობებით წინასაარჩევნო მანიპულირებისა და ოპოზიციაზე თავდასხმისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, მაგრამ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კარტოგრაფების საქმე - პარლამენტთან  არასმთავრობო სექტორი აქციას გამართავს

პეტიციის ავტორების აზრით, ასეთმა მიდგომამ, დაბრუნების ნაცვლად, ისტორიული ძეგლი შეიძლება საბოლოოდ დაგვაკარგვინოს. ისინი მოითხოვენ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და საზღვრის დემარკაციის პროცესის „სახიფათო პოლიტიზაციის“ შეწყვეტას.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

ექს–პრემიერი ნოღაიდელი: რუკების საქმეში პასუხისმგებელი სააკაშვილია>>

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.