ამდენს ხალხს არ ველოდით: „ძალა ერთობაშიამ“ ბათუმში აქციის გამო ბრალდებებს უპასუხა

როგორც ბლოკში ამტკიცებენ, ამ შემთხვევის შემდეგ აქციების მომზადების და ჩატარების საკითხს უფრო სერიოზულად მიუდგებიან
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. აქციაზე ბათუმში მივიდა გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, ამიტომაც პირბადეები არ ეყოთ, განაცხადა ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ბრალდებებზე საპასუხოდ.

ლომჯარია: ბათუმში ათასობით ადამიანის შეკრება უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა

„ძალა ერთობაშიას“ წინასაარჩევნო მიტინგმა, რომელზეც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხელისუფლებისა და მთელ რიგ პარტიაში აღშფოთება გამოიწვია, რადგან მასზე არანაირი უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული.

„ნამდვილად არ ველოდით ჩვენ ხალხის ამხელა ნაკადს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად, მათ შორის იყო თერმოსკრინინგის აპარატებიც. იყო პირბადეებიც, რომლებიც რიგდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი შეიქმნა. ამიტომ, შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ 5 000-მდე პირბადე იყო დარიგებული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხალხის დიდი ნაკადის გამო კონტროლი გართულდა, თუმცა შემდგომი აქციები მეტად ორგანიზებული იქნება.

აქციების გაგრძელებას პირდება ბლოკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

„ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. ბოლო კვირაში კორონავირუსის 5 014 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის ეპიცენტრია ბათუმი და აჭარა.

რეკომენდაციების მიუხედავად: „ნაცმოძრაობამ“ ბათუმში მრავალათასიანი მიტინგი გამართა

17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა.

ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.