COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19-ის პანდემია: მსოფლიო მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება

ჯანმოს მონაცემებით, დღეისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა თითქმის 40 მლნ ადამიანს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი მილიონს გადააჭარბა
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი შეზღუდვები წესდება, იუწყება BBC.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა და მეცნიერების დოქტორმა ჰანს კლუგმა ქვეყნები გააფრთხილა, რომ მკაცრი შეზღუდვები „აბსოლუტურ აუცილებლობას“ წარმოადგენს ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. ჯანმოს წარმომადგენლების განცხადებით, თუ მთავრობები შეზღუდვებს შეარბილებენ, ვირუსის გავრცელების ტემპი 2021 წლის იანვრისთვის სიკვდილიანობის ამჟამინდელ მაჩვენებელს ოთხჯერ ან ხუთჯერ გაზრდის. თუმცა, მათი პოზიციით, შეზღუდვების დაწესებისას მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ადამიანების ფსიქიური მდგომარეობა და ოჯახური ძალადობის ალბათობა, ამასთან ყველაფერი უნდა გაკეთდეს სკოლების დახურვის თავიდან ასაცილებლად.

COVID-19 თბილისში: რა ვითარებაა საბავშვო ბაგა-ბაღებში

მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე  ქვეყანამ უკვე მიიღო ახალი რეგულაციები, რომელთა დაცვაც მოსახლეობას მოუწევს და მილიონობით ადამიანი ახალი მკაცრი ზომების პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას. კერძოდ:

საფრანგეთი: ცხრა ქალაქში, მათ შორის პარიზში, კომენდანტის საათი დაწესდა. კომენდანტის საათი ძალაში შევიდა 17 ოქტომბერს და გაგრძელდება მინიმუმ ოთხი კვირა. დაიშვება მხოლოდ აუცილებელი მოგზაურობები. შეკრებები შემოიფარგლება მხოლოდ 10 ადამიანით და ქორწილი, სტუდენტური წვეულებები და სხვა სახის  შეკრებები აკრძალულია. პირბადის ტარება სავალდებულოა 11 წლის ასაკიდან ზემოთ ღია და დახურულ სივრცეებში, მათ შორის სამუშაო ადგილებზე.

ესპანეთი: მადრიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა. აკრძალულია მადრიდში შესვლა და მისი დატოვება, თუმცა სამსახურში და სკოლაში წასვლა ნებადართულია. სასტუმროები და რესტორნები უნდა დაიხუროს 23:00 საათზე. ნებისმიერი ბიზნესი 50%-იანი დატვირთვით მუშაობს 22:00 საათამდე. საოჯახო და სოციალური შეხვედრები 6 ადამიანით შემოიფარგლება. ღვთისმსახურების ადგილები ჩვეულებრივი დასწრების მესამედით შემოიფარგლება.

პირბადე უნდა ატაროს 6 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერმა ადამიანმა საზოგადოებრივი ტრანსპორტსა და დახურული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ესპანეთის რეგიონების უმეტესობამ ნიღბები სავალდებულო გახადა ღია სივრცეშიც.

კატალონიის ხელისუფლებამ 15 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში რეგიონის ყველა ბარი და რესტორანი დახურა. ესპანეთის ამ რეგიონში რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.

COVID-19 საქართველოში: 70-ზე მეტი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია

დიდი ბრიტანეთი: შემოღებულია შეზღუდვების სამსაფეხურიანი სისტემა. აკრძალვები გარემოებიდან გამომდინარე გამკაცრდება. პაბები და კაფეები 22:00 საათზე იკეტება. დაუშვებელია 6 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გამკაცრდა სიტუაცია ლივერპულში.

ნიდერლანდები: ყველა ბარი, რესტორანი და ყავის სახლი 14 ოქტომბრიდან დაიკეტა. გამონაკლისს მხოლოდ გატანის სერვისი წარმოადგენს. ოჯახებში სტუმრობა დღეში მაქსიმუმ სამ ადამიანამდეა ნებადართული; 20:00 საათის შემდეგ მაღაზიებსა და რესტორნებში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია და ამ დროის შემდეგ საზოგადოებაში ალკოჰოლის დალევის უფლება არ აქვთ. ყველა მაღაზია, სუპერმარკეტების გარდა, 20:00 საათამდე უნდა დაიხუროს ქვეყნის მასშტაბით. ხალხს ურჩევენ მაქსიმალურად დარჩნენ სახლში და იმუშაონ სახლიდან. აიკრძალა გასართობი ღონისძიებები, მათ შორის ღია ცის ქვეშ. შემზღუდავი ღონისძიებები მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა დახურულ ადგილებში კვლავ სავალდებულოა.

გერმანია: ბარები და რესტორნები საღამოობით ჩვეულებრივზე ადრე დაიკეტებიან მაღალი რისკის მქონე ადგილებში. აკრძალულია დიდი შეკრებები, როგორიცაა სახალხო ფესტივალები, სპორტული ღონისძიებები და კონცერტები. შეზღუდვები გაგრძელდება წლის ბოლომდე იმ ადგილებში, სადაც ინფექციის მაღალი მაჩვენებლებია. ადამიანები, რომლებიც არ ატარებენ პირბადეს მაღაზიებში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მინიმუმ 50 ევროთი ჯარიმდებიან.

ანტირეკორდი თბილისში – კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

იტალია: სამხრეთით კამპანიას რეგიონში, ნეაპოლის ჩათვლით, სკოლები დაიკეტა ორი კვირით, რადგან ქვეყანაში მასიური ტესტირების დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ რეგიონში დაფიქსირდა;  სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეში, ნიღაბი ყველგან უნდა ატარონ, გარდა კერძო სახლებისა. ასევე სავალდებულოა პირბადე სკოლებში 6 წლის ასაკის ზემოთ ყველა ბავშვისთვის.

იტალიაში რამდენიმე ახალი წესი მოქმედებს მინიმუმ 13 ნოემბრამდე: ბარები და რესტორნები უნდა დაიხუროს 24:00 საათამდე. ხალხი ვერ შეიკრიბება ბარებისა და რესტორნების ღია ტერასებზე 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. ასევე აკრძალულია წვეულებების ჩატარება ღია და დახურულ სივრცეებში. რესტორანში თითო სუფრაზე არაუმეტეს 4 ადამიანი უნდა იმყოფებოდეს. ასევე მოქმედებს 20 კაციანი ლიმიტი რელიგიურ ცერემონიებზე.

დანია: დანია ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც აპრილში განაახლა სკოლები. ამასთან, აგვისტოს ბოლოს შემთხვევათა რიცხვმა მკვეთრად იმატა. ქვეყანაში პირბადე  სავალდებულო გახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კოპენჰაგენსა და მის მიმდებარე რაიონებში ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები 22:00 საათზე უნდა დაიხუროს. პირბადეების ტარება სავალდებულოა რესტორნებში, ბარებსა და კაფეებშიც.

ბელგია: დედაქალაქ ბრიუსელში კაფეები და ბარები დაკეტილია და საზოგადოებაში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია. შეზღუდვები მოქმედებს მინიმუმ 8 ნოემბრამდე. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ბარები უნდა დაიხუროს 23:00 საათამდე. ბარში მაგიდის გარშემო მაქსიმუმ 4 ადამიანს შეუძლია დაჯდომა. ღამის კლუბები დახურულია და არანაირი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ ტარდება. ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ დაუბრუნდნენ სტადიონებს, მაგრამ სტადიონის მხოლოდ მცირე ნაწილი შეივსება და მათ პირბადე უნდა ატარონ.

ლომჯარია: ბათუმში ათასობით ადამიანის შეკრება უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა

პორტუგალია: ხუთშაბათიდან თავყრილობები 5 ადამიანამდე იზღუდება. ქორწილები და ნათლობები ნებადართული იქნება 50 ადამიანის მონაწილეობით. სავაჭრო ობიექტები იხურება 23:00 საათამდე.

პოლონეთი: განისაზღვრა წითელი ზონები, სადაც სკოლები და სპორტული დარბაზები დაიხურება. მათ შორისაა ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა.

ჩეხეთი: სკოლები და ბარები დაკეტილია, მაგრამ ინფექცია კვლავ სწრაფი ტემპით ვრცელდება. მთავრობამ განაცხადა, რომ პირველ საველე ჰოსპიტალს აშენებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის და უცხოეთში მომუშავე  ექიმებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

საბერძნეთი: ნიღბები  სავალდებულოა ყველა დახურულ სივრცეში და საბერძნეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სექტემბერში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა ატიკის რეგიონში, რომელიც მოიცავს ათენსაც. ნიღბები უნდა ატარონ სამსახურში და ხალხმრავალ ღია სივრცეშიც.

ადამია: საქართველოში ეპიდემიური ვითარება არც ისე მძიმეა

შვედეთი: შვედეთში არანაირი ჩაკეტვა არ ყოფილა, მაგრამ მთავრობის რჩევის შესაბამისად, ადამიანების უმეტესობა პატივს სცემდა ნებაყოფლობით სოციალურ დისტანციას და მუშაობდა სახლიდან, სადაც ეს შესაძლებელი იყო. ქვეყანამ აკრძალა 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოუწოდა თვითიზოლირებისკენ - მაგრამ მაღაზიები, ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები ღია იყო. ხელისუფლებამ არ გამორიცხა მომავალი შეზღუდვები, მაგრამ ახლა ბიზნესი ღია რჩება და ნიღბების ტარება არ არის რეკომენდებული.

რუსეთი: მოსკოვში ხალხის მობილობა იზღუდება, ხოლო ორშაბათიდან სკოლებში სწავლა შეწყდება მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის (13-18 წელი).

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადება COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა თითქმის 40 მლნ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან მილიონზე მეტი გარდაიცვალა.