თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ ორი ბაგა-ბაღი დაიხურა, განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.
მისი თქმით, ჯამში ამ დროისთვის თბილისში სააღმზრდელო პროცესი 25 საბავშვო ბაღშია შეჩერებული. ინფიცირებულია 7 აღსაზრდელი და 18 თანამშრომელი.
გვანცელაძის განცხადებით, თბილისში სკოლამდელი დაწესებულების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივაა.
გვანცელაძის თქმით, რამდენიმე დღეში თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლების ტესტირება დაიწყება. პირველ ეტაპზე ტესტს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით თანამშრომელთა 16%-ს აუღებენ, თანდათანობით პროცესში ყველა მათგანი ჩაერთვება. ჯამში საუბარია 11 000 თანამშრომელზე.
„პირველ ეტაპზე ეს იქნება შემთხვევითი შერჩევის მეთოდით და დაახლოებით 16%-ზე არის საუბარი, რომ დავიწყებთ სწორედ მათი ტესტირებით და ამის შემდეგ უკვე აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი გაივლოს ტესტირებას. 11 000 თანამშრომელი, რომელშიც შედის, როგორც აღმზრდელი, ასევე ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
თბილისში 187 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდა.
თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი დაიხურა >>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 958-ით გაიზარდა და 16285-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7827 ადამიანი, გარდაიცვალა – 128.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.