თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიურ ვითარებას მართავს და პანიკის საფუძველი არ არსებობს, განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეების ყოველდღიური მაჩვენებელი თითქმის ათასს აღწევს.
ეკატერინე ადამიას განცხადებით, სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ პროცესს და მართოს ვითარება მთელ ქვეყანაში.
„ვითარება არ არის ისეთი მძიმე, როგორც შეიძლება ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დასახოს და ასეთ დროს პირიქით, გამოვიწვიოთ პანიკა მოსახლეობაში, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემა სავსებით მზად არის ამ პროცესის სამართავად. მომზადებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ისინი ბინაზე ონლაინრეჟიმში მართავენ პაციენტებს“, -განაცხადა ადამიამ.
მისი თქმით, ქვეყანაში 44 კლინიკაა მომზადებული როგორც ცხელების, ასევე „კოვიდის“ შემთხვევების სამართავად, საწოლების რაოდენობა კი 3 700-მდეა. ქვეყნის მასშტაბით, საწოლებისა და კლინიკების გადანაწილება ასეთია: თბილისი -18 კლინიკა (1 987 საწოლი), აჭარა – 11 კლინიკა (731 საწოლი ), იმერეთი - 10 კლინიკა (644 საწოლი), სამეგრელო-ზემო სვანეთი -2 კლინიკა (190 საწოლი), შიდა ქართლი-1 კლინიკა (164 საწოლი), მცხეთა-მთიანეთი - კლინიკა ( 111 საწოლი) და გურია -1 კლინიკა ( 21 საწოლი).
ასევე, ადამიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულების გადასაყვანად 20 სასტუმროა მობილიზებული, სადაც დღეისათვის 1 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
„ქვეყაში მობილიზებულია 2 453 სასუნთქი აპარატი. ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3 900-ზე მეტი ექიმი, 2 300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდა 2 044 -ზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას. ქვეყნის მასშტაბით გვყავს 17 990 ექიმი, მათ შორის ინფექციონისტი არის 500-მდე, ხოლო რეანიმატოლოგი 1 400-ზე მეტი. ექთნების რაოდენობა 14 800-ზე მეტია“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 124-ს მიაღწია>>
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელდა 7 613 ადამიანი, გარდაიცვალა -124 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 900 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.