COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: რა თანმდევი დავადებები აღენიშნებოდათ გარდაცვლილებს

ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. მათ თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ. ლეტალობის ფაქტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 92 შეადგინა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს ლეტალობის ფაქტები თბილისში, აჭარასა და იმერეთში დაფიქსირდა. ყველა გარდაცვლილ პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. თბილისში გარდაიცვალა სამი, აჭარაშიც – სამი, საჩხერეში კი ერთი პაციენტი.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: ყველაზე მეტი კვლავ აჭარაშია

თბილისში ბოლო 24 საათში გარდაცვლილი სამივე პაციენტი ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მკურნალობდა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის ბუბა შალამბერიძის ინფორმაციით, სამივე მათგანს ჰქონდა მრავლობითი ქრონიკული დაავადება და მათ ფონზე მოხდა დაავადების გამწვავება.

„ორი პაციენტი იყო დაახლოებით 70-72 წლის, ერთი მამაკაცი იყო 43 წლის. ქალბატონთან იყო სიმსუქნე, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი. დანარჩენ ორ პაციენტთან გადატანილი იყო თავის ტვინის ინფარქტი. ქალბატონი გადმოვიდა ქუთაისიდან, ორი პაციენტი კი თბილისის სხვადასხვა კლინიკიდან“, – განაცხადა შალამბერიძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება აჭარაში გარდაცვლილ სამ პაციენტს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის გია კიკაბიძის განცხადებით, სამივე მათგანს მწვავე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა>>

„სამწუხაროდ, გარდაიცვალა სამი პაციენტი – 69 წლის ქალბატონი, 81 და 68 წლის მამაკაცი. სამივე მათგანს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, იყვნენ მართვით სუნთქვაზე. გარდა ამისა, ჰქონდათ არტერიული ჰიპენტენზია, გულის ქრონიკული დაავადება, ერთ მათგანს – ალცჰაიმერის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი", – განაცხადა კიკაბაძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

რაც შეეხება ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაცვლილ მეშვიდე პაციენტს, ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში გალიდან იყო გადმოყვანილი. 62 წლის მამაკაცი კლინიკაში 11 სექტემბერს შეიყვანეს. მას რამდენიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის რევმატოიდული პოლიართრიტი აღენიშნებოდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, 92 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა 1393-ს შეადგენს.