ალიევი: ბაქო მზადაა, ყარაბაღთან დაკავშირებით ერევანთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არ გამორიცხა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა, მაგრამ ამ ეტაპზე შეხვედრა არაპროდუქტიული იქნებოდა
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანი მზადაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები სომხეთთან მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ბაქო და ერევანი პარასკევს შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბერს 12:00 საათიდან ცეცხლი შეწყდებოდა. გადაწყვეტილება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოსკოვში მიიღეს. მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

სარაკეტო შეტევა განჯაზე: ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ

„მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ, ამიტომ ყველაფერი უეთოს მინსკის ჯგუფზე, მისი მუშაობის გრაფიკზეა დამოკიდებული. ჩვენიუ მხარე მზადაა, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს“, – განაცხადა ალიევმა РБК–სთან ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ამასთან, განაცხადა, რომ თუ სომხეთის მხარე დაზავების რეჟიმის ერთგული იქნება, მაშინ დადგება პოლიტიკური მოგვარების ფაზა და დასრულდება მოლაპარაკებების იძულების ფაზა.

„ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე წავალთ“, – აღნიშნა მან.

ალიევმა განაცხადა, რომ განცხადება მოსკოვში სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგებზე ყარაბაღიდან სომხეთის ძალების გაყვანას გულისხმობს.

„ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს ჩვენი ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ძალების შეთანხმებულ გაყვანას. რამდენადაც განცხადება ეყრდნობა სუბსტანციურ მოლაპარაკებებს, ეს კი ნიშნავს – საბაზო პრინციპებს, იქ კი ყველაფერი კონკრეტულად წერია, როდის თავისუფლდება ხუთი რაიონი, როდის – კიდევ ორი“, – განაცხადა ალიევმა.

მან არ გამორიცხა მოლაპარაკებების შესაძლებლობა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან.

საქართველოს პრეზიდენტი: მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას>>

„ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო. ამ ეტპზე ამას პროდუქტიულად არ მივიჩნევ, პირიქით. სომხეთის ხელისუფლებაში, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგონ, რომ ულტიმატუმის, შეურაცხყოფისა და შანტაჟის ენით აზერბაიჯანთან ლაპარაკი არ შეიძლება“, – განაცხადა ალიევმა.

ცეცხლი შეწყდება: სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამასთან, აზერბაიჯანის მეთაურმა აღნიშნა რუსეთის მნიშვნელოვანი როლი არსებული სიტუაციის მოგვარებაში.

„რუსეთი, როგორც ჩვენი მეზობელი, როგორც ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც საერთო ისტორია აქვს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ეს ეფუძნება ისტორიასაც, ჩვენი ხალხების ურთიერთობებსაც, ასევე რუსეთის წონასა და როლს მსოფლიოში და ბუნებრივია, ჩვენს რეგიონში“, – განმარტა მან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.