საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

„დროს შეეშალა თუ შენ "შეგეშალა"და მავანთა სანუგეშოდ მოხვდი ამ გაუგებარ რეალობაში“ – ასეთი შეფასება მისცა არაჩვეულებრივი ხელოვანის, გობელენის უბადლო ოსტატის მანანა ძიძიკაშვილის შემოქმედებას მისმა კოლეგამ მანანა თავბერიძემ.
Sputnik

ალბათ ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმ ემოციას, რაც მისი ნამუშევრების ხილვის დროს ნებისმიერ ჩვენგანს გაუჩნდება.

გობელენით ბავშვობიდან არ ყოფილა გატაცებული, ეს ინტერესი მოგვიანებით გაუჩნდა, როდესაც სამხატვრო სასწავლებელში ამ დარგის საუკეთესო პროფესიონალთან მოხვდა. ამ შეხვედრამ მისი მომავალი პროფესიაც განსაზღვრა, ამიტომ სასწავლებლის მერე სამხატვრო აკადემია ტექსტილის დიზაინის სპეციალობით დაამთავრა.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

მისი ხელოვნებით ამ სფეროში მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ჩინელებიც აღფრთოვანდნენ და 2005 წელს მანანა ძიძიკაშვილის ბიოგრაფია და გობელენი, სახელად „ანარეკლი“ პეკინის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის სპეციალობის სახელძღვანელო წიგნში Fiber art Desing შეიტანეს. 2016 წელს კი, საერთაშორისო ბიენალეს ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მისი გობელენი „შავი ზღვა“ მსოფლიოში 33 საუკეთესო ნამუშევართა შორის დასახელდა.

მისი გობელენები სხვადასხვა დროს გამოიფინა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ესპანეთი, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, უკრაინა, თურქეთი. ნამუშევრების დიდი ნაწილი გაყიდულია, უცხოეთის კერძო კოლექციებსა და თბილისის გობელენის მუზეუმში ინახება.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- ქალბატონო მანანა, თქვენ ხელოვნების ამ საოცრად რთულ დარგში ერთ-ერთი საუკეთესო ხართ, მაგრამ სანამ საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებდით, გარკვეული გზა გაიარეთ... 

- მხატვრობით ჩემი დაინტერესება, პირველ რიგში, ოჯახიდან მოდის. მამიდა – ლამარა ძიძიკაშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. პროფესიით გეოგრაფი, ფერწერაში არაჩვეულებრივად მუშაობდა, მისი ყოველი ტილო ჩემ თვალწინ იქმნებოდა. გობელენის დარგით ბავშვობდან არ ვყოფილვარ დაინტერესებული, საერთოდ არაფერი ვიცოდი ამ ურთულესი სპეციალობის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში საალფრეინო (კედლის მხატვრობა) ფერწერის განხრით ჩავაბარე. თუმცა ვაღიარებ, რომ ამ სპეციალობასთან არანაირი კავშირი არ მქონია, ფერწერაში ვმუშაობდი.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- ვინ იყო პიროვნება, რომელმაც გარკვეულად განსაზღვრა თქვენი მომავალი საქმიანობა?

- სასწავლებელში ჩემი პედაგოგი გახლდათ არაჩვეულებრივი პიროვნება და გობელენის საუკეთესო ოსტატი, ბატონი ომარ ხუბულაშვილი, რომელიც გობელენებს ორი წლის მანძილზე ჩვენ თვალწინ ქმნიდა. ბატონ ომარს ხშირად ვეხმარებოდი მოსამზადებელი სამუშაოს შესრულებისას შეღებილი ძაფების ამოხვევაში, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მართალია, ვხედავდი, თუ რამდენად რთული იყო ეს, მაინც გადავწყვიტე, რომ სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის სპეციალობაზე ჩამებარებინა. სწავლის პერიოდში ელენე ახვლედიანის სახელობის სტიპენდიანტი ვიყავი და აკადემია წარჩინებით დავამთავრე.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- თქვენ ამ დარგში მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანამ გაღიარათ, პირველ საერთაშორისო ბიენალეში მონაწილეობა ვინ შემოგთაზავათ?

- არაერთ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა ვიტყოდი, რომ ჩემი აღიარება მაინც ჩინეთის ბოჭკოვანი ხელოვნების From Lausanne to Beijing ბიენალედან დაიწყო. 2000 წელს, როდესაც პეკინში პირველი საერთაშორისო ბიენალე ტარდებოდა, ბატონებმა გივი ყანდარელმა და თამაზ ნუცუბიძემ (რომლებიც მონაცვლეობით უძღვებოდნენ ტექსტილის დიზაინის კათედრას) თავისთან მიხმეს და ბიენალეში მონაწილეობა შემომთავაზეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო აწ გარდაცვლილი ბატონი გივისა და მისი არაჩვეულებრივი მეუღლის, ქალბატონ მალი ლუ ყანდარელის მიმართ. სწორედ ამ ადამიანებმა ითამაშეს უმთავრესი როლი ჩემ კარიერულ წინსვლაში.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- რამდენადაც ვიცი, ჩინეთში კარგად იცნობენ ბატონ გივის და მის საქმიანობას...

- მიუხედავაად იმისა, რომ ჩინეთი ტექსტილის განვითარების კუთხით ყოველთვის იყო და არის მაღალ დონეზე, ფაქტია, რომ დღეს პეკინის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის სპექციალობაზე ბატონ გივი ყანდარელის გობელენის სკოლა არსებობს. აქ წელიწადში ერთხელ, რამდენიმე თვით მას ლექციების წასაკითხად იწვევდნენ ხოლმე. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დღემდე არ ივიწყებენ ბატონ გივის იმ ღვაწლს, რაც მან ამ უნივერსიტეტში ჩადო. პირადად მე ამ ბიენალეს არც ერთხელ არ დავსწრებივარ, თუმცა მისი ათგზის მონაწილე ვარ. იქ ყოველთვის ვაგზავნიდი ჩემს ნამუშევარს, რომელთა შორის უმრავლესობა გამარჯვებულთა სიაშია შესული.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- თქვენ ბნელ და რთულ 90-იან წლებშიც არ შეგიწყვეტიათ მუშაობა...

- მართალია, ყველაზე მძიმე 90-იან წლებში გარკვეულად შეფერხდა ჩემი შემოქმედებითი მუშაობა, მინდა ვთქვა, რომ მაინც ვახერხებდი რაიმე შემექმნა. ჩემი გობელენი „საღამო“, რომელიც იმ პერიოდის ნამუშევართა შორისაა, დასახელდა როგორც წლის საუკეთესო ნამუშევარი და მხატვართა კავშირის მედლითა და ფულადი პრემიით აღინიშნა.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- როგორ მოხვდა თქვენი ბიოგრაფია პეკინის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის სახელძღვანელოში?

- 2004 წელს ჩემი ნამუშევარი „ანარეკლი“ დაჯილდოვდა ბრინჯაოს მედლით და ჩემი შემოქმედებითი წარმატების აღმავლობის ეტაპიც სწორედ ამ წლიდან დაიწყო. წარმატებას წარმატება მოჰყვა და 2007 წელს იგივე გობელენი „ანარეკლი“ და ჩემი ბიოგრაფია პეკინის უნივერსიტეტის ტექსტილის დიზაინის სახელმძღვანელო წიგნში Design ისეთი მხატვრის გვერდით მოხვდა, როგორიაა ფრანგი გობელენის საუკეთესო ოსტატი ჟან ლურსა.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- ერთია ესკიზის შექმნა და მეორე – იგი ქსოვილზე გადაიტანო, რამდენად ხანგრძლივი პროცესია?

- ცალკეულ ესკიზზე მთელი ენთუზიაზმით ვმუშაობ, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამის შემდეგ ურთულესი პროცესია ამ ესკიზების გობელენში ან ბატიკაში გაცოცხლება. ეს რამდენიმე თვის, ზოგჯერ წლის მძიმე შრომის შედეგია. სამაგიეროდ უკვე დამთავრებული ნამუშევრის ყურება უდიდესი ბედნიერებაა.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- ნამუშევარი, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ...

- ჩემს გობელენებს „მარადიულობა“, „მღვიმე“ და „ნატურმორტი“ არ მიუღიათ არანაირი პრიზი ან სერტიფიკატი. აქედან გამოვყოფდი „ნატურმორტს“, ვერ ვიტყოდი, რომ ამ ნამუშევართან რაიმე მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ის უხილავი ძაფებით შინაგანად ძალიან ახლოსა ჩემთან, ჩემს შინაგან სამყაროსთან. ამ ნამუშევარს ბავშვობის წლებში და ნათელ მოგონებებში გადავყავარ.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- რომელს ვერ შეელევით და რატომ?

- ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს გობელენთან, რომელსაც „ძველი სახლი“ დავარქვი. ესაა ბურუსით მოსილი სახლი, სადაც დავიბადე და რომელიც ბუნდოვნად მახსოვს. ამ ნამუშევარშიც სწორედ ასეა ასახული ბავშვობის თვალით დანახული სახლი. ეს ის ნამუშევარია, რომელსაც ვერასოდეს შეველევი.

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- თქვენ საოცარი გობელენების შექმნის დროს ჩვეულებრივ საოჯახო ჩანგალს იყენებთ, მინდა გკითხოთ, სამზარეულოში ყოფნა რამდენად გიყვართ?

- მსოფლიოში ყველა ხელოვანი გობელენზე სწორედ ჩანგლით მუშაობს. რაც შეეხება ჩემ დამოკიდებულებას სამზარეულოს მიმართ, მაინცდამიანც არ მიყვარს გაზქურასთან ყოფნა, მირჩევნია გობელენთან გავატარო მეტი წილი დრო. ჩემი ახლობლები ამას ჩვეულებრივად აღიქვამენ, რადგან ოჯახში ხუთი მხატვარია. მათ კარგად იციან, რომ შემოქმედებითი ადამიანი ყოფით პრობლემებს განსაკუთრებულად უმკლავდება და ამაში მას, პირველ რიგში, ხელოვნება ეხმარება...

საოჯახო ჩანგლით შექმნილი შედევრები და ქართველი ხელოვანი მსოფლიოს 30 საუკეთესოთა შორის

- გაიხსენეთ ცხოვრებისეული აზრი, რომელმაც იმპულსი მოგცათ შემოქმედებაში...

- არსებობს ასეთი სიბრძნე: „ქოხი, რომელშიც იცინიან, უფრო ბედნიერია, ვიდრე მდიდრული სასახლე, სადაც მოწყენილები არიან“. ეს ფრაზა ინსპირაციის წყარო გახდა, ამ გამონათქვამმა მომცა საკმაოდ დიდი ძალა და ენერგია, რათა ულამაზესი გობელენი შემექმნა. ეს ნამუშევარი მერე საერთაშორისო აღიარების ობიექტად იქცა. ნამუშევარი საერთაშორისო ბიენალეს საორგანიზაციო კომიტეტის და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით 30 საუკეთესო ნამუშევართა რიცხვში შევიდა. ამ მოსაზრებას ვეთანხმები და დარწმუნებული ვარ, რომ ბედნიერება ფუფუნებაში არ არის. პირადად ჩემთვის ბედნიერებაა ის, რასაც ვქმნი...