თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლისთვის დედამიწის ყოველი მეხუთე მკვიდრი ჭარბწონიანი იქნება, ასეთია იმ კოლაბორაციის პროგნოზი, რომელიც არაინფექციურ დაავადებათა რისკის ფაქტორებს შეისწავლის.
საქმე მარტო არასწორ კვებასა და მცირე ფიზიკურ აქტივობაში არ ყოფილა. როგორც ერთდროულად რამდენიმე კვლევითი ჯგუფი აღნიშნავს, ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.
ვისაც ღამით რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები სძინავს, თუნდაც მკაცრ დიეტას იცავდეს, როგორც წესი, უჭირს წონის დაკლება.
2017 წელს კორეელმა მეცნიერებმა, გააანალიზესრა თითქმის 17 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ჩვევების შესახებ მონაცემები, შეამჩნიეს, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ, ვისაც ნაკლები ეძინათ, უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქონდათ და წონის დაკლების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.
მსგავსი შედეგები მიიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც (აშშ). მოხალისეები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში დღეში ხუთ-ნახევარი საათი ეძინათ, უფრო ნელა იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ღამით რვა-ნახევარი საათი ისვენებდა. ორივე ჯგუფი სპეციალური სისტემით შემცირებული ნორმის კალორიებით იკვებებოდა.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგების აზრით, დასვენების დღეებში გამოძინება არაა შედეგის მომცემი. მკვლევარები 36 მოხალისეს დააკვირდნენ, რომლებიც ჭარბი წონის დაკლებას ცდილობდნენ. ყველა მათგანი მკაცრ დიეტას იცავდა, ზოგმა მათგანმა სამუშაო დღეებში საწოლში რვა საათზე ნაკლები გაატარა, ხოლო შაბათ-კვირას — უფრო მეტი.
რვა კვირის შემდეგ გაირკვა, რომ კვლევის ყველა მონაწილემ დაახლოებით ერთი და იგივე წონა დაკარგა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ, ვისაც ნორმალურად ეძინა, წონა ძირითადად ცხიმოვანი მასის შემცირების გამო დაკარგეს, მათ კი, ვისაც საკმარისად არ ეძინა — კუნთოვანი ქსოვილების ხარჯზე.
ამერიკელი და ბელგიელი მკვლევარებიგამოუძინებლობის გამო წონის მატებას მადაზე გავლენის მქონე ჰორმონების მოქმედებას უკავშირებენ. ძილის დეფიციტიან 12 ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეში გრელინის დონე გაიზარდა, ხოლო ლეპტინისა — შემცირდა. პირველი მათგანი ზრდის მადას (მას ასევე უწოდებენ შიმშილის ჰორმონს), მეორე კი, პირიქით, პასუხისმგებელია დანაყრების (სიმაძღრის) შეგრძნებაზე. ამ ჰორმონების ვარირებით შეიძლება დადგინდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ნორმალურზე ნაკლები სძინავთ, ხშირად ჭარბი წონით იტანჯებიან.
იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,ძილის ნაკლებობა სამ დღეშიც კი თითქმის ათი პროცენტით ამცირებს ლეპტინის დონეს.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ შესაძლოა წონის უკონტროლო მომატება გამოიწვიოს.