გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! – მინისტრის მილოცვა

განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილი არიან სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისთვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებსა და ლექტორებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის, გამძლეობისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. 

გაბუნია: 1 ოქტომბრიდან სწავლის სკოლებში გაგრძელების საკითხი ერთ კვირაში გაირკვევა

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდა. ახლა საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ასევე მაღალმთიან აჭარაში, კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში სასწავლო პროცესი ორი კვირის მანძილზე, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. დანარჩენი სასწავლო დაწესებულებების კარი ბავშვებისთვის ღიაა.

„მე, როგორც მინისტრი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, სტუდენტსა და ლექტორს, მშობელს, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკლებლივ ყველა თანამშრომელს გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის. ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, გაზაფხულის სემესტრში პანდემიის პირობებში საქართველოს განათლების სისტემამ უმოკლეს დროში მოახერხა ადაპტაცია ახალ რეალობასთან და ღირსეულად გაუმკლავდა არსებულ გამოწვევას. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას ჰიბრიდული სწავლების თვალსაზრისით უკვე საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული, აღნიშნა ჩხენკელმა. 

დისტანციური სწავლა მოქმედებაში: „ტელესკოლა“ სტარტს 15 სექტემბერს აიღებს

„იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ არსებული გამოწვევები, თითოეული მოქალაქისგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რათა ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ყოველივე ამასთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში", – განაცხადა მინისტრმა.

მიუხედავად რთული წლისა, 2020–2021 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო დაახლოებით 800 სკოლაში ჩატარდა სრული ან ნაწილობრივი რემონტი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით.

განათლების სამინისტროს მხრიდან სკოლები უზრუნველყოფილი არიან სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთა გადაცემაც მოსწავლეებისთვის ეტაპობრივად მიმდინარეობს.