ამირან გამყრელიძე: საქართველო „მწვანე ზონაში“ რჩება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა „მწვანე ზონაში“ რჩება ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსთან მიმართებით ჯერ „მწვანე ზონაში“ რჩება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ეზუგბაია: გორსა და მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილი გახდა>>

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში კი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 165-ით გაიზარდა.

„ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით ჩვენ დღეს 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 1,74, ეს ნიშნავს, რომ საქართველო „მწვანე ზონაში“ რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ ზრდის მაჩვენებელი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი.

ოთხ ქართულ სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

„აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებლით გვქონდა 4 665, სექტემბერში – 7 961, მაგრამ 4 სექტებრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8 259“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო მაჩვენებლებით საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად და ამ მაჩვენებლის შესანარჩუნებლად აუცილებელია თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც არის დაწესებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 2392-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1370 ადამიანი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.