თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს Covid-19 დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელის ბექა კოკაიას განცხადებაზე დაყრდნობით.
ეზუგბაია: კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარას უკავშირდება >>
კოკაიას განცხადებით, „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლა ერთი კვირის წინ, 7 სექტემბერს დაიწყო, რისი უფლებაც მათ განათლების სამინისტროსგან მიიღეს. როგორც მან აღნიშნა, ყველა შემომსვლელს ტემპერატურას უზომავდნენ და კონტროლდებოდა, სტუდენტებს ეკეთათ თუ არა პირბადე.
„აღნიშნული სტუდენტი ბოლოს უნივერსიტეტში ხუთშაბათს იმყოფებოდა, ღამით მას სიმპტომები გამოუვლინდა და დეკანთან დარეკა, ჩვენ კი ვურჩიეთ, რომ უნივერსიტეტში აღარ მოსულიყო და ტესტი გაეკეთებინა. პასუხი დადებითი აღმოჩნდა, უნივერსიტეტი ინფექციონისტებთან აქტიურად თანამშრომლობს“, - განაცხადა კოკაიამ.
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი სტუდენტები გაფრთხილებულები არიან და ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მიეცათ.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.