მანდატურებს მოუწევთ სკოლის მოსწავლეების დაცვა ვირტუალური დევნისგან

ე.წ. „კიბერბულინგის“ გაღვივების საშიშროება იმის გამო იქმნება, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში შერეული მოდელით წარიმართება, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. დისტანციური სწავლების პროცესში სკოლების მანდატურებს ეკისრებათ კიდევ ერთი მოვალეობა – ბავშვების დაცვა ვირტუალური ძალადობისგან, აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებაში.

როგორ წარიმართება დისტანციური სწავლება სკოლებში – მინისტრმა ბრძანება გამოსცა >>

დოკუმენტის თანახმად, მანდატურებმა უნდა აკონტროლონ და აღკვეთონ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, მათ შორის განზრახ შეურაცხყოფა, მუქარა, მაკომპრომეტირებელი მონაცემების გამოქვეყნება – ე.წ. „კიბერბულინგი“.

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება

მინისტრის ბრძანების თანახმად, მანდატურის სამსახური ვალდებულია „უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მზადყოფნა დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის პრევენციისთვის“.

ამავე დროს, დოკუმენტის თანახმად, მანდატურმა მოსწავლეებთან დისტანციურად უნდა ჩაატაროს ძალადობისა და კიბერბულინგის თაობაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების დაფიქსირებისთანავე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მიუხედავად ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა არ გეგმავს სკოლებში  სასწავლო პროცესის დაწყების გადადებას, რომელიც 15 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. სასწავლო პროცესი შერეული მოდელით წარიმართება, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად.