თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. მსოფლიომ COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს და ახალი პანდემიებისთვის უკეთ მოემზადოს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველია. ეს ნიშნავს ინვესტირებას მოსახლეობის მომსახურებაში, რომელიც მიზნად ისახავს დაავადებების აღკვეთას, გამოვლენასა და მათთან ბრძოლას. ეს უკანასკნელი პანდემია არ არის. ისტორია გვასწავლის, რომ აფეთქებები და პანდემიები ცხოვრების ნაწილია. მაგრამ როდესაც მომდევნო პანდემია მოვა, მსოფლიო მას გაცილებით უკეთ მომზადებული უნდა დახვდეს, ვიდრე ამჟამად იყო“, - განაცხადა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, მსოფლიოსთვის დღევანდელი პანდემია გაკვეთილი უნდა გახდეს. ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც პოზიტიური დინამიკა გამოავლინა, ამის მიღწევა მხოლოდ იმის წყალობით შეძლო, რომ მოემზადა ატიპური პნევმონიის, ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის, პოლიომიელითის, ებოლას, გრიპისა და სხვა დაავადებათა აფეთქებების შემდეგ.
COVID-19-ის პნევმონიის აფეთქება პირველად 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 27,1 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 900 ათასი ადამიანი.