გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს კარანტინის ვადების გადახედვა დაავალა

თუ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლირებადი დარჩება, დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. თუ არსებობს კარანტინის ვადის შემცირების საშუალება ისე, რომ არ დაზიანდეს მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამას აუცილებლად გამოიყენებენ ჩვენს ქვეყანაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა კვლევის ჩატარება აღნიშნულ საკითხზე.

საქართველოში კარანტინის ვადა შეიძლება კიდევ შემცირდეს

„ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს დავალება, კარანტინის დროის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზონ. ძალიან კარგად გვესმის, რომ კარანტინის ვადის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვიყენოთ. შემდეგ სხდომაზე მათგან მოვისმენთ, რა შედეგი აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ“, - განუცხადა გახარამ ჟურნალისტებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ დაამარცხებს ვირუსს, რადგან ეს გლობალური პანდემიაა.

„ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს თუ, მაგალითად, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20, 30, 40, თუ ვმართავთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები არ უნდა შემოვიღოთ, მითუმეტეს ახლა, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა გახარიამ.

არჩილ თალაკვაძის შემდეგ მამუკა მდინარაძე: დეპუტატს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ამჟამად საქართველოში დაწესებულია 12-დღიანი კარანტინი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა შაბათს, რომ კარანტინის ვადა რვა დღემდე შეიძლება შემცირდეს.

დღეისათვის უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე, ან ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს 12 დღის განმავლობაში. ადრე ეს ვადა 14 დღეს შეადგენდა. ასეთივეა თვითიზოლაციის ვადა.

გარდა ამისა, მოქმედი წესების მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ყველა პირი ვალდებულია წარმოადგინოს კორონავირუსის ტესტი, რომელიც ჩამოსვლამდე 72 საათით ადრეა გაკეთებული. ის ადამიანები, რომლებიც კარანტინში ყოფნას არ ისურვებენ, 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ უნდა ჩაიტარონ ტესტირება. ადრე ეს ვადა ასევე 14 დღეს შეადგენდა.