თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. პირველი არხის პოპულარული კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ ახალი, მეოთხე სეზონი ტელეეკრანებზე 20 სექტემბერს გამოვა, ნათქვამია ტელეშოუს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
მაყურებლების სასიხარულოდ, რომლებსაც, რეიტინგიდან გამომდინარე, პროექტი ძალიან შეუყვარდათ, შოუს კასტინგები უკვე დაწყებულია. შერჩევის პროცესი პერიოდულად შუქდება ვიდეოებში და პირდაპირ ეთერში.
შოუს მონაწილეებს შეაფასებენ საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რესტორან „შეფის ბებიის" დამაარსებელი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული, შეფ-მზარეული კონსტანტინე თედელური და კულინარიის აკადემიის ლექტორი, შეფ-მზარეული ლუკა ნაჭყებია.
ქვეყნის საუკეთესო შეფ-მზარეულის წოდებისთვის ბრძოლის ახალ სეზონზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„მასტერ-შეფის“ პირველი სეზონი 2019 წლის 18 მაისს დაიწყო. პროექტმა ტელეეკრანებთან მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა შეკრიბა. შოუში მონაწილეობის მისაღებად კასტინგი 70-მდე კულინარმა გაიარა.
იტალიური პასტა ქართულად და პიკანტური კრევეტები არაყში – „მასტერ-შეფმა" ათეული შეარჩია >>
„მასტერშეფის“ მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა მზარეული სერგო ოვჩარენკო. სწორედ მან მიიღო პროექტის მთავარი პრიზი - ბინა დედაქალაქის ცენტრში.