თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნულის შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქართულ მასმედიაში ვრცელდება.
როგორც ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურაში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი დაზუსტდა, მაგრამ არ დამძიმებულა.
ირმა ჭკადუა განმარტავს, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე წაყენებული ბრალის მიხედვით ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით კი პატიმრობის ვადა 2 წლამდე შემცირდა.
ადვოკატის განმარტებით, „ბრალის დამძიმების” შესახებ ინფორმაცია მორიგი სპეკულაციაა, რომელიც სპორტსმენის იმიჯის შელახვას ემსახურება.
„რაც შეეხება გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს“, – აღნიშნავს ჭკადუა.
ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩოგბურთელს ბრალი დაუმძიმდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
მაისში საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
პროკურატურა იძიებს საქმეს, რომლის თანახმად, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.