თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ 20 აგვისტოდან COVID-19-ით და აივ-ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა, განაცხადა კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, კლინიკის მიერ ჯანდაცვის სამინისტრო ამის შესახებ არაერთხელ არის ინფორმირებული და ეს გადაწყვეტილება უკავშირდება კლინიკაში ელემენტარული, სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების არარსებობას.
კლინიკა ჯერჯერობით აგრძელებს აივ-ინფიცირებულების ამბულატორიულ მიღებას, რათა ამ მიმართულებით სერიოზული შედეგი არ დადგეს.
აღნიშნულ საკითხს დღეს ბრიფინგზე შეეხო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონი ლარი გამოუყო, რათა კლინიკის თანამშრომლებმა ნორმალურ პირობებში შეძლონ მუშაობა.
„არანირი რისკი კოვიდპაციენტებს არ შეეხებათ და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ მკურნალობას შესაბამის კლინიკებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება აივ ინფიცირებული პაციენტების მიღების შეჩერებაზე ინფორმაციას, ტიკარაძის განმარტებით, კლინიკა, რომელიც აღნიშნულ პროგრამას ტოვებს, ვალდებულია სოციალურ სააგენტოს ორი თვით ადრე წერილობით მიმართოს.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, თენგიზ ცერცვაძეს მსგავსი წერილით სოციალური სააგენტოსთვის არ მიუმართავს. თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10% ჯარიმა წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში.
მინისტრის განცხადებას არ ეთანხმება თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, ტიკარაძის პასუხი სინამდვილეს არ შეესაბამება და ის მზადაა ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს მინისტრს და განიხილოს ეს საკითხი.
ცერცვაძემ განმარტა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს ექსტრემალურად კრიტიკულ და მძიმე პირობებში უწევს მუშაობა. მისი თქმით, ახალი, თუმცა დაუსრულებელი შენობის რემონტს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, ამ დროში კი კლინიკამ როგორღაც უნდა გაძლოს, რაც არსებულ პირობებში შეუძლებელია.
„ეს ყველაფერი არის არა რაღაც ფუფუნება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრს დღესვე სჭირდება“, - განაცხადა ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ დახმარებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა, განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში.
კერძოდ, კლინიკა უწყებას გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათას ლარს სთხოვდა.
სამინისტროს რეგულირების სამსახურმა მიმართვების საფუძველზე ორჯერ შეამოწმა კლინიკაში არსებული სიტუაცია, თავდაპირველად იანვარ-თებერვალში, შემდეგ კი 22 ივლისს და დაადასტურა, რომ ვითარება დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, კლინიკას სავენტილაციო სისტემის არარსებობის გამო სასამართლოში უჩივლა.
„კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, – განაცხადა ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ არც ჯანდაცვის სამინისტროსგან, არც ეკონომიკის სამინისტროსგან კლინიკას არ მიუღია უფლება დივიდენდის დამოუკიდებელ გამოყენებაზე.
ცერცვაძე მკრეხელობას უწოდებს ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომელიც სოციალური სააგენტოს ორი თვით ადრე გაფრთხილების გარეშე, კლინიკის მიერ პროგრამის დატოვების გამო, კანონით გათვალისწინებულ 10-პროცენტიან ჯარიმას უკავშირდება. დირექტორის თქმით, კლინიკას სურს არა პროგრამის დატოვება, არამედ დახმარება მის შესრულებაში, ელემენტარული პირობების შექმნაში.
„ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს „ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია და თვითონ კლინიკა 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ" იყიდა. ამის შემდეგ საავადმყოფოს თანამშრომლებმა არა ერთხელ დაიჩივლეს, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების მკურნალობისთვის და არ შეუძლიათ ამორტიზებული შენობის გარემონტება, რადგან ის კერძო მფლობელობაში გადავიდა. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავიდოდა, მაგრამ გავიდა წლები და პირობა პირობად დარჩა.
ყოველწლიურად ჯანდაცვის სამინისტრო „ავერსს“ იჯარის თანხას უხდის, ანუ ინფექციური კლინიკა ამ ტერიტორიაზე მდგმურის სახით იმყოფება. წელს იანვრის ნაცვლად იჯარის თანხა გადაირიცხა ივლისში, რის გამოც „ავერსი“ შვიდი თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს არსებობა მის ტერიტორიაზე არალეგიტიმურია და ყველანაირად ავიწროებდა თანამშრომლებს.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა როგორმე გადავრჩენილიყავით, ვიდრე ახალ შენობას მოგვცემდნენ და სახელმწიფოსთვის არ გვეგრძნობინებინა ის გაჭირვება, რაშიც ვიმყოფებით. ასეთ პირობებში მუშაობის მიუხედავად, ჩვენ ყველა მიმართულებით ვდებთ შედეგებს, რომელიც საუკეთესოა ჩვენს ქვეყანაში და ხშირად ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისათვის თბილისის ინფექციური საავადმყოფო საყოველთაო ყურადღების ცენტრშია - მან პირველმა დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და COVID-19-ის მკურნალობის თვალსაზრისით ერთ-ერთ წამყვან კლინიკად რჩება საქართველოში.