თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწათმესაკუთრეებს მერია ადგილმონაცვლეობას სთავაზობს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისას მუნიციპალიტეტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას შეზღუდული ზონის სტატუსი მიანიჭა.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული დაცვის წესების ან სხვა ქალაქგეგმარებითი მიზეზების გამო, მიწის ნაკვეთების ზონირების ძველ სტატუსს ვერ დაიბრუნებენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ადგილმონაცვლეობას შესთავაზებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა, მუნიციპალიტეტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას შეზღუდული ზონის სტატუსი მიანიჭა.

თბილისი – ბავშვებზე მორგებული ქალაქი

„ძალიან დიდი არეალი განისაზღვრა და გარკვეული ტიპის მშენებლობების განხორციელება შეიზღუდა, რადგან თბილისის ზღვისგან დედაქალაქის მოსახლეობას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლით ამარაგებს. დავიწყეთ კვლევების ჩატარება, რომლის შემდეგაც სანიტარიული დაცვის წესები დამტკიცდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციების დამტკიცების შემდეგ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილს არსებული შეზღუდვები მოეხსნა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ზონები, სადაც კერძო მესაკუთრეებს ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობა ვერ მიეცემა.

„ვისაც საკუთრებაში არსებულ მიწებზე აღნიშნული პრობლემა აქვს და ზონირების სტატუსის გამო სხვადასხვა ქმედების განხორციელებას ვერ ახერხებს, აუცილებლად უნდა მოგვმართონ და, რა თქმა უნდა, ისინი არც ერთ თეთრს არ დაკარგავენ. იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა მოხდება, რომლებიც შეზღუდულ არეალში დარჩა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის გენგეგმა დამტკიცებულია>>

თბილისის მერმა მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემა აწუხებს, მიმართოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა მოხდეს მათი საკუთრების შეფასება და იმავე ფასში ადგილმონაცვლეობის შეთავაზება.