თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციას გულისხმობს.
გენგეგმის მიხედვით, თბილისი განვითარდება ოთხი ძირითადი კონცეფციით: „კომპაქტური ქალაქი“, „მწვანე ქალაქი“, „კარგად შეკავშირებული ქალაქი“ და „მედეგი ქალაქი“.
კომპაქტურობა
„კომპაქტური ქალაქის“ კონცეფცია წარმოადგენს ისეთ პოლიტიკას, რომელიც, ერთის მხრივ, გარემოს დაცვას გულისხმობს, ხოლო მეორეს მხრივ - ქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს. ის ითვალისწინებს ტერიტორიის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას და წარმოადგენს საცხოვრებელი სექტორის, დასაქმებისა და დასვენების ბალანსის წინაპირობას.
იგეგმება ქალაქის შიდა ინფრასტრუქტურის, ქალაქის აქტივების შენარჩუნება და მათი განვითარება.
მწვანე ქალაქი
„მწვანე ქალაქი“ - ეს არის გარემოს დაცვის და დასვენების პირობების გაუმჯობესების ერთიანი კონცეფცია, რომელიც თბილისის მწვანე ზონებს ერთიან სისტემად განიხილავს.
კომფორტი
„კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფცია მიზნად ისახავს ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში კომფორტული და სწრაფი გადაადგილების ჩამოყალიბებას.
მედეგობა
„მედეგი ქალაქის“ კონცეფცია გულისხმობს ქალაქის მზადყოფნას ისეთი სტრესული სიტუაციებისადმი, როგორიცაა მიწისძვრები და მეწყრები. გარდა ამისა, ქალაქი უნდა მზად იყოს ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა უმუშევრობა, ჰაერის დაბინძურება, მოძველებული ინფრასტრუქტურა, არაადექვატური სატრანსპორტო სისტემები და ინფრასტრუქტურული პრობლემები.
ქალაქის განვითარების ძირითადი მიმართულებები
ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საბინაო ფონდის განვითარება. პრიორიტეტული გახდება არამარტო ქალაქის შიდა ტერიტორიების ათვისება, არამედ მათი ტევადობის გაზრდა განახლებისა და ხელახალი დაგეგმარების ხარჯზე.
თბილისი ჯართისა და ძველი საბურავებისგან გაიწმინდება >>
ასევე იგეგმება მუნიციპალური საბინაო ფონდის შექმნა ადამიანების დროებითი დაბინავებისთვის საგანგებო სიტუაციებში და სხვა შემთხვევების დროს.
გენგეგმა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ახალ სქემას ითვალისწინებს. ის დაიყოფა სატრანზიტო, რაიონულ და ლოკალურ სახეობად.
სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტრო და ავტობუსი) ფუნქციაში იგულისხმება სწრაფი და ეფექტური კავშირი ქალაქის ერთმანეთისგან დაშორებულ წერტილებს შორის და ქალაქში გადაადგილების მობილობის უზრუნველყოფა.
რაიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოცანა იქნება რაიონის შიგნით, ასევე მეზობელ რაიონებს შორის საშუალო მანძილებზე მგზავრების ტრანსპორტირება, ასევე სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ლოკალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოცანას წარმოადგენს მგზავრების გადაყვანა მოკლე მანძილებზე, რთული რელიეფის ადგილებში და ისეთ არეალებში, სადაც ტრანსპორტზე დაბალი მოთხოვნა არსებობს; ასევე რაიონული ან სატრანზიტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ასევე იგეგმება ისეთი ტრანსპორტის განვითარება, როგორიცაა საბაგიროები, აგრეთვე ქალაქში უსაფრთხო ველომოძრაობის უზრუნველყოფა.
მერია აპირებს ტრანსპორტის კუთხით უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ტურისტული, ქვეითი მოძრაობის და სარეკრეაციო ზონები და მიმდებარე ტერიტორიები.
თბილისის ხსნა თუ მძიმე ტვირთი? მალე პარკირება ფასიანი გახდება >>
გენერალური გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ პრიორიტეტს თბილისის გამწვანება წარმოადგენს. იგეგმება ბუნებრივი რესურსების განვითარება და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.
ამ კუთხით აქცენტი გაკეთდება საფეხმავლო ზონების და ველობილიკების განვითარებაზე მტკვრის სანაპიროებზე, ასევე ქალაქის ირგვლივ მწვანე ბუფერული ზონების განვითარებაზე, დეგრადირებად ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღდგენაზე.
გენგეგმით ასევე გათვალისწინებულია ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნა. მაგალითად, ზღვის უბანში ხეობის ადგილას 40 ჰექტარის ფართობის პარკი გაშენდება.
პარკები გაშენდება ასევე ვაზისუბანში, დიღომში, საცხოვრებელი კომპლექს „დირსის“ ტერიტორიაზე.
ვარკეთილში დაიწყება „ხრუშჩოვკების“ დანგრევა, ხოლო ყოფილი აკამედქალაქის ტერიტორიებზე, ხილიანის და დოლიძის ქუჩებსა და დიდ დიღომში მიმდინარე მშენებლობა ქალაქის ხელისუფლების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცევა.
და ბოლოს, სამშენებლო მასალების ყველაზე დიდი ბაზრობის - ელიავას გადატანა ან კეთილმოწყობა იგეგმება.