რატომ ყიდის საპარტნიორო ფონდი „თელასის“ აქციებს

აუქციონი გამოცხადებულია კონკურენტულ პირობებში და არის მოლოდინები, რომ აქციები მომგებიან ფასად გაიყიდება, მიაჩნიათ ფონდში
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ აქციების გაყიდვით მიღებულ სახსრებს „საქართველოს საპატრნიორო ფონდი“ ახალი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას მოახმარს, განუცხადეს Sputnik-საქართველოს ფონდის პრეს-სამსახურში.

მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ შეიცვლება – რა ვადაზეა გათვლილი გადაწყვეტილება

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ „საპატრნიორო ფონდმა“ ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასში“ თავისი აქციების 24,5%-ის გაყიდვა გადაწყვიტა. აუქციონი 9 სექტემბერს დაინიშნა. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10,5 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

„აქციების გაყიდვის, ან რომელიმე პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას ფონდი არ იღებს. ამას მთავრობა წყვეტს. ამიტომ „თელასის“ აქციების გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მთავრობის დადგენილების მიხედვით. მიღებული თანხა ახალი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება“, - განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა.

პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ აუქციონი გამოცხადებულია კონკურენტული პირობებით და არსებობს მოლოდინი, რომ აქციები მომგებიან ფასად გაიყიდება და კარგი მფლობელის ხელში მოხვდება.

აქციების გაყიდვით მიღებული მოგება ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება, შემდეგ კი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომელ პროექტებს დაუჭერს მხარს და დააფინანსებს.

საქართველო საკუთარ წილს „თელასში“ 10,5 მილიონ დოლარად გაყიდის

ფონდში აღნიშნეს, რომ „თელასში“ კუთვნილი აქციების რაოდენობის გათვალისწინებით კომპანიის ხელმძღვანელობის რომელიმე გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელი იყო.

საპარტნიორო ფონდი ახორციელებს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის მმართველობას, მათ შორის არის საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და „თელასი“.

„ეს კომპანიები „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში იმიტომ იყო, რომ დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იყო მათგან მიღებული დივიდენდები. ახლა კი არანაირ დივიდენდებს ფონდი არ იღებს. მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტებიდან გასვლა და გათავისუფლებული სახსრების ინვესტირება ახალ პროექტებში“, - განაცხადეს ფონდის პრესსამსახურში.

„საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მისი მთავარი დანიშნულება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.) საქართველოში ინვესტიციების წახალისებაა. ამჟამად მთავრობა მისი რეფორმირების საკითხს განიხილავს.

ინვესტორების ძიებაში: საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ჩინეთში მემორანდუმი გააფორმა >>

ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და უძრავი ქონების. საპარტნიორო ფონდის ფინანსური თანამონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით შემოიფარგლება. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორი უზრუნველყოფს.