თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. მესტიაში კორონავირუსზე დღეს დაახლოებით 900-მდე ტესტი ჩატარდა, ჯამში კი ზემო სვანეთში კორონავირუსზე 4 ათასამდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.
მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, სოფელი ლენჯერის მოსახლეობის გამოკვლევა თითქმის დასრულდა.
„მგონი, ლენჯერში დარჩა რამდენიმე ოჯახი, რომელიც არ გამოცხადდა და ალბათ, მოვლენ ისინიც. რაიონიდან დაახლოებით 300 ადამიანია გაყვანილი კარანტინში, ბევრი ადგილზე არსებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდა. ხვალისთვის იგეგმება დაახლოებით 200-მდე ადამიანის გაყვანა კარანტინში. ვფიქრობთ, კარანტინის კუთხითაც ცხელ წერტილებს ჩავაქრობთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის დამყოლობა ტესტირებაზე არის მაღალი.
„ზუსტად არ ვიცით, დღეს რამდენი შემთხვევა გვაქვს, მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ 10-ზე მეტი რომ არის, ფაქტია და სავარაუდოდ, შეიძლება ბევრად მეტიც იყოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, გამოკვლევის შედეგების მიხედვით განისაზღვრება სამოქმედო გეგმაც, მათ შორის როგორი იქნება შემზღუდავი ღონისძიებები.
„იმის მიხედვით, რამდენ ინფიცირებულს გამოვავლენთ, შედგება უკვე უახლოესი სამოქმედო გეგმა – როგორი იქნება შემზღუდავი ღონისძიებები, რა სიმკაცრის და შესაბამისად, როგორ ვიმუშავებთ მოსახლეობასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მესტიის ცენტრში საველე კარავია მოწყობილი, სადაც ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე მოსახლეობას იკვლევენ. ჩაკეტილ რეგიონში დღეს ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობდა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი.