რით დაემუქრნენ სუკ-ის თანამშრომლები ქართველ ჟურნალისტს ოლიმპიადის დროს

ქართული მედიადესანტი, რომელიც მოსკოვში 1980 წლის ზაფხულში ჩავიდა, დაახლოებით 25 კაცისგან შედგებოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩვენი კოლეგა ― „Sputnik-საქართველოს“ მიმომხილველი თამაზ ჩიქვანაია.
Sputnik

თამაზ ჩიქვანაია ― პირველი ტელეწამყვანი, რომელმაც პირდაპირ ეთერში საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ წაიყვანა. ხანგრძლივი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში არაერთი კურიოზი შემთხვევია. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი მოვლენა 1980 წლის ოლიმპიადა იყო.

რით დაემუქრნენ სუკ-ის თანამშრომლები ქართველ ჟურნალისტს ოლიმპიადის დროს

ჟურნალისტი დამკვირვებლის როლში

ქართული მედიადესანტი, რომელიც მოსკოვში 1980 წლის ზაფხულში ჩავიდა, დაახლოებით 25 კაცისგან შედგებოდა. ტექნიკური პერსონალი რუსეთის დედაქალაქში ოლიმპიადის დაწყებამდე თვენახევრით ადრე ჩაფრინდა. საჭირო იყო ახალი, უცხოური აპარატურის შესწავლა. ამ კამერებით ჩანაწერი კასეტებზე კეთდებოდა, თავად კამერები კი მუშაობდა როგორც დღის სინათლეზე, ისე ღამის პირობებში. მაშინ საბჭოთა კავშირში ტელევიზიაში ფირს ხელით აყენებდნენ. მოკლედ, უცხოური ტექნიკა ჩვენი სპეციალისტებისთვის ერთგვარი გზავნილივით იყო უცხო პლანეტიდან.

― ტექნიკას პირდაღებულები ვაკვირდებოდით, ― იხსენებს თამაზ ჩიქვანაია. ― ჩვენთვის ყველაფერი ძალიან უჩვეულო იყო. ერთ მეგობარს ვთხოვე, ასეთ კამერაზე ეპიზოდები ჩაეწერა. კასეტაზე ჩამიწერა და მომცა, მაგრამ მისი ნახვა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შევძელი ― მანამდე საჭირო აპარატურა არ გვქონდა.

შემოქმედებითი ჯგუფი მოსკოვში მოგვიანებით ჩავიდა. თამაზ ჩიქვანაია აკრედიტებული ჟურნალისტების სიაში ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ჩაწერეს. მაშინ ის ქართული ტელევიზიის პირველ არხზე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ სპორტულ განყოფილებას კურირებდა.

ხელიდან წაგლეჯილი ოქრო: ვიქტორ სანეევის „ოლიმპიური“ თავგადასავალი

― ჩავედი და მეუბნებიან, რომ სიები უკვე დაკომპლექტებულია. გამოდის, რომ თამაშგარე დავრჩი. მადლობა სპორტულ კომენტატორს, რომელიც გამომესარჩლა, უკვე ჩამოსულია და ბარემ დაასაქმეთო. ჰოდა, გამამწესეს კრილატსკოეში ― შემოქმედებითი, სპორტული ცენტრის ადმინისტრაციასთან ტექნიკური პერსონალის შეხვედრების ორგანიზება დამავალეს. ჟურნალისტის აკრედიტაცია, სხვათა შორის, არ მქონდა.

ასე ასრულებდა დამკვირვებლის მისიას ბატონი თამაზი ოლიმპიადის ბოლომდე. თუმცა რამდენჯერმე მაინც მოახერხა ყოველდღიურობისთვის თავის დაღწევა. პირველად ვიქტორ სანეევის საქომაგოდ წავიდა, რომელსაც კარგად იცნობდა, და არ შეეძლო მისი გამოსვლა გამოეტოვებინა.

― სამგზის ჩემპიონი სანეევი ბოლო გამომსვლელი იყო და საუკეთესო შედეგი აჩვენა. მაგრამ პირველი ადგილი მსაჯებმა ესტონელს მიანიჭეს. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა ტრიბუნებზე. მესამე ადგილი ბრაზილიელ სპორტსმენს ერგო. იმან მსაჯებთან მიირბინა, რაღაცას ხმამაღლა ყვიროდა, ჟესტიკულაციით ცდილობდა ახსნას. ნათელი იყო, რომ ასეთი შეფასებით აღშფოთებული იყო. სტადიონი მძვინვარებდა, სპორტსმენები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, მხოლოდ ვიქტორი არ იმჩნევდა აღელვებას. დაჯილდოებისას კი ბრაზილიელმა სანეევის ხელი მაღლა ასწია იმის ნიშნად, რომ სწორედ მას მიიჩნევდა გამარჯვებულად. როგორც შემდეგ ამიხსნეს, ოქროს მედალი უნდა გადაეცათ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლისთვის. ვიქტორი ამ კატეგორიაში ხვდებოდა, რადგან საქართველოდან იყო. მაგრამ წარმოშობით იყო რუსი. ამიტომ მედალი ესტონელს გადასცეს.

მეორედ ჩიქვანაია წყალბურთის ფინალზე მოხვდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა გიორგი მშვენიერაძე, ცნობილი პეტრე მშვენიერაძის შვილი, რომელსაც ბატონი თამაზი ასევე პირადად იცნობდა.

― ფინალამდე ცოტა ხნით ადრე პეტრე მშვენიერაძესთან ვიყავი სტუმრად. მაშინ გამომიტყდა, რომ არაერთი დამსახურების მიუხედავად, ოქროს მედალი არ ჰქონდა, ― იხსენებს თამაზ ჩიქვანაია.

სხვათა შორის, ცნობილი წყალბურთელის პეტრე მშვენიერაძის სახელს უკავშირდება ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიადაზე მოხდა. პეტრე მშვენიერაძე ოლიმპიადამდე სსრკ-ის ნაკრების კაპიტნად დანიშნეს. საბჭოთა კავშირისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის შეხლა-შემოხლა პირდაპირ აუზში გაჩაღდა. ჩხუბი უნგრეთში განვითარებული მოვლენების გამო დაიწყო. თითქმის ოლიმპიადის პარალელურად ბუდაპეშტში აგორდა საპროტესტო მოძრაობა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. უნგრეთის ნაკრების თავდამსხმელმა დეჟე დიარმატიმ ქართველ წყალბურთელს ცხვირი გაუტეხა. შედეგად – მატჩი შეჩერდა. სსრკ-ის ნაკრებს ტექნიკური მარცხი ჩაუთვალეს. მაგრამ მიუხედავად ასეთი დასასრულისა, ჩხუბის შედეგად დაზარალებული პეტრე „სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატის“ წოდებით დააჯილდოვეს.

ალექსანდრე ჩივაძე: შეგვეძლო ოლიმპიადა მოგვეგო, მაგრამ ბიჭები „გადაიწვნენ“

― 20 წლის შემდეგ ამერიკელმა ჟურნალისტებმა შეხვედრა გამართეს წყალბურთელებთან, რომლებიც იმ ჩხუბში მონაწილეობდნენ. პეტრეც იქ იყო. როდესაც ის დარბაზში შევიდა, უნგრელები მივიდნენ მასთან და გადაეხვივნენ. თუმცა უშუალოდ ჩხუბის წამომწყები იმ შეხვედრას არ დასწრებია...

1980 წლის ოლიმპიადაზე საბჭოთა წყალბურთის ნაკრებმა გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა. როდესაც გიორგი მშვენიერაძეს მედალი გადასცეს, იგი ავიდა ტრიბუნაზე, სადაც მამამისი იჯდა, და მედალი მიაწოდა: ეს ჯილდო შენ დაიმსახურეო. პეტრე მშვენიერაძე ამით ძალიან ამაყობდა.

მაშინდელი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა იყო მსახიობის, პოეტისა და მუსიკოსის ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალება. ქართველი ჟურნალისტი არაერთხელ შეხვედრია ვისოცკის და კარგად იცნობდა მას.

― ორი მეგობარი მყავდა ― რიჩო და ბეჟანი, რომლებიც მსახიობ ტამარა მაკაროვას და რეჟისორ სერგეი გერასიმოვის ვაჟთან არტურთან მეგობრობდნენ. ის კი, თავის მხრივ, ვლადიმერ ვისოცკის ახლო მეგობარი იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი. როგორღაც პოდმოსკოვიეში, აგარაკზე ვისხედით. კომპანიაში აღმოჩნდა სამი ქართველი და ვლადიმერმა გაიხსენა მიხეილ ხერგიანი, რომელთანაც ახლო ნაცნობობა აკავშირებდა. ხერგიანი იყო ინსტრუქტორი ფილმში „ვერტიკალი“, რომელშიც ვისოცკი თამაშობდა. სწორედ მაშინ დამეგობრებულან. როდესაც ხერგიანი დაიღუპა, ვისოცკიმ დაწერა ცნობილი სიმღერა, რომელიც ქართველ ალპინისტს მიუძღვნა.  

„საინტერესო“ ადამიანების ტყვეობაში

„ხაბარელის სტილი“: ოლიმპიური ოქროს საფუძველი და IJF-ის მიერ დადგენილი სახელწოდება

მოსკოვის ოლიმპიადა ცივი ომისა და დასავლეთის მასშტაბური ბოიკოტის პირობებში მიმდინარეობდა. ამიტომ სსრკ-ში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური ქვეტექსტიც ჰქონდა. უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული. ჟურნალისტებს სპეცსამსახურები მუდმივად აკონტროლებდნენ.

― მოსკოვში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ხუთჯერ ვიყავი სუკ-ში. მარიგებდნენ როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რაზე მელაპარაკა, როგორ ამერიდებინა თავი უცხოელებთან კონტაქტებისთვის და ა.შ. ეს აუცილებელი პროცედურა იყო. მოსკოვში ჩასვლა ვერ მოვასწარი, რომ ჩემ წინ თვალის დახამხამებაში გაჩნდა, ერთი შეხედვით, ბუნჩულა ახალგაზრდა, რომელმაც ნოტაციების კითხვა დამიწყო. მიგვიყვანეს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში და ორ-ორი კაცი გავყავდით დასამუშავებლად. გაგვანაწილეს სამუშაო ჯგუფებში და იქაც გამოგვირეცხეს ტვინები. დღეში სამჯერ გვაკონტროლებდნენ. ვის ვესაუბრებოდით, რაზე... კარგი ბიჭი იყავი და მოგეტყუებინა!

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები ძირითადად სოციალისტური ქვეყნებიდან იყვნენ, მათთან ურთიერთობას მაინც გვიკრძალავდნენ. იყო ერთი ჟურნალისტი გდრ-დან. რაღაც მკითხა და დავეხმარე. მეორე დღეს ბარში დამპატიჟა, ნორმალურად საუბრობდა რუსულად, შევედით, დავსხედით. მესმოდა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, მაგრამ მათი მითითებები დიდად არ მანაღვლებდა – არც ჩინოვნიკი ვიყავი, არც პარტიის წევრი.

იმავე საღამოს კარზე მომადგნენ „საინტერესო“ ადამიანები. პირდაპირ გამომიცხადეს, თუ კიდევ ერთხელ შევხვდებოდი გერმანელს, ბარგს ჩავალაგებდი და სახლში დავბრუნდებოდი.

„უფრო მაგრად მაკოცე“, რადგან „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“

„ყველა დროს თავისი გმირები ჰყავს“: ხუბულური მთავარ ოლიმპიურ ორთაბრძოლას იხსენებს

მაგრამ მიუხედავად ყველა აკრძალვისა და კონტროლისა, ჰაერში მაინც ტრიალებდა ოდნავ შესამჩნევი თავისუფლების სუნი. ეს იგრძნობოდა როგორც ეკონომიკურ, ისე ადამიანებს შორის ურთიერთობების დონეზე. ეს იყო ზეიმი. თუმცა დასასრული, როგორც წესი, ყველაფერს აქვს. მოვიდა სახლში დაბრუნების დროც. მოსკოვში თამაზ ჩიქვანაიას მეგობარი მაია გერასიმოვა ცხოვრობდა, რომელიც თბილისში იყო დაბადებულ-გაზრდილი. მოსკოვში ბატონი თამაზი ხშირად სტუმრობდა ხოლმე მეგობარს. ამჯერადაც დასამშვიდობებლად დაურეკა.

― რომელ საათზე მიფრინავ? ― მეკითხება მაია. ვპასუხობ, რომ საღამოს შვიდზე. ― მაშინ სასწრაფოდ ჩემთან მოდი, შვიდამდე მოასწრებ.

ბუნებრივია, სასტუმროდან გამოვდივარ და მაიასკენ მივემგზავრები. მივდივარ და ვხედავ, რომ მასთან სტუმრად მექსიკელი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი კარლოს ფუენტოსია, რომელსაც უკვე ვიცნობდი. დღეს ის უკვე ლეგენდაა, მაშინ კი ჩემსავით ახალგაზრდა იყო. ქართულად მისი ერთი მოთხრობა ვთარგმნე „სათამაშო-დედოფალი“.

ხელიდან წაგლეჯილი ოქრო: ვიქტორ სანეევის „ოლიმპიური“ თავგადასავალი

კარლოსმა კარგად იცოდა რუსული, რადგან რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდა. მოთხრობის მიხედვით ფილმის გადაღება უნდოდა და ვუთხარი, რომ სურათს მეტი დრამატიზმი სჭირდებოდა. მრავალი წლის შემდეგ ჩვენთან კინოფესტივალი იმართებოდა და მის ფილმს აჩვენებდნენ. სასიამოვნოდ გამიკვირდა, როდესაც მის ფილმს ვუყურე და აღმოვაჩინე, რომ სურათის ფინალი შეცვლილი ჰქონდა ისე, როგორც თავის დროზე ვურჩიე.

მაიასთან კარლოსის გარდა შევხვდი კომპოზიტორსა და პიანისტს კონსუელო ველასკესს, ცნობილი სიმღერა „ბესამე მუჩოს“ ავტორს. უკვე 60 წელს იყო მიღწეული, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ბევრი სხვა ნაწარმოებიც ჰქონდა შექმნილი, მაგრამ „ბესამე მუჩომ“ („უფრო მაგრად მაკოცე“), რომელიც 15 წლისამ დაწერა, ყველაზე მეტად მოიხვეჭა სახელი. ამგვარად გავიცანი ველასკესი, რომელიც მოსკოვში ფუენტოსთან ერთად ჩამოვიდა ოლიმპიადაზე. მოსკოვის ოლიმპიადასთან ერთად კიდევ მახსენდება ხოლმე ფილმი „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“.

სრულიად შემთხვევით ვლადიმირ მენშოვის საკულტო ფილმი დიდ ეკრანებზე იმავე 1980 წელს გამოვიდა. სწორედ ამ ფილმის წყალობით გაითქვა სახელი მთელ საბჭოთა კავშირში კონსუელოს სიმღერამ. თავად ფილმი კი საბჭოთა სურათებიდან ერთი იმ იშვიათთაგანი გახდა, რომელმაც ამერიკული კინოაკადემიის მთავარი ჯილდო ― „ოსკარი“ მოიპოვა...