საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ყველასთვის საყვარელ მსახიობს თენგიზ არჩვაძეს დღეს 88 წელი შეუსრულდა. ის მსახიობთა იმ შესანიშნავი პლეადის წარმომადგენელია, რომელმაც 60-80-იანი წლების ქართულ თეატრსა და კინოს უდიდესი წარმატება მოუტანა.
გამორჩეული სილამაზით დასამახსოვრებელი მომავალი მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს დაიბადა თბილისში. წარმოშობით საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდანაა. მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ რაჭაში, ბაბუასთან ცხოვრობდა.
„ხელოვნების ქურუმი“: თენგიზ არჩვაძეს უმაღლეს ჯილდოს გადასცემენ>>
წყნარ, მეოცნებე და გულჩათხრობილ ბავშვს ხატვა ყველაფერს ერჩივნა: „ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელში, სადაც მომიწევდა — ყველგან და ყველაფერზე. ხატვის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ავიკიდებდი მოლბერტს და ვხატავდი წყნეთის, უძოს, კოჯრის პეიზაჟებს“. თუმცა, მოგვიანებით მან მხატვრობას მსახიობობა არჩია და თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩაირიცხა.
თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.
55-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. არჩვაძე ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის გმირებს. ამიტომაც მის მიერ განსახიერებული უარყოფითი პერსონაჟებიც კი უყვარდათ. მართლაც, ვერავინ გაბედავს და იტყვის, რომ თენგიზ არჩვაძე სადმე, რომელიმე ეპიზოდში არის ყალბი.
თენგიზ არჩვაძის პოპულარობის ხანა იწყება 60-იანი წლების დასაწყისში, კონკრეტულად, 1961 წელს, როცა ეკრანებზე ერთდროულად გამოდის ლანა ღოღობერიძის ფილმი „ერთი ცის ქვეშ” და შოთა მანაგაძის „კეთილი ადამიანები“. არჩვაძემ ამ ფილმებში ნათამაშები როლებით ქართულ კინოში დაამკვიდრა კეთილი, ლამაზი, ვაჟკაცური ახალგაზრდა კაცის სახე, რომელიც იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველწლიურად იწვევდნენ გადაღებაზე.
არჩვაძემ სხვადასხვა დროს მთავარი როლები შეასრულა ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა” (გუგუა, 1964), „ხევსურული ბალადა“ (იმედა, 1965), „მე ვხედავ მზეს“ (დათიკო, 1965), „26 კომისარი“ (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), „ვედრება“ (ალუდა ქუთელაური, 1967), „ჯვარცმული კუნძული“ (გიორგი, 1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძე, 1969), „ანარეკლი“ (ჯაბა იმედაძე, 1972), „წიგნი ფიცისა“ (მეფე ალექსანდრე და ერეკლე II, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1985).
70-იანი წლების მიწურულს, როცა გიგა ლორთქიფანიძემ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ეკრანიზაცია გადაწყვიტა, თენგიზ არჩვაძე მიიწვია და მუშნი ზარანდიას როლზე დაამტკიცა. არჩვაძემ აქ პირველად თქვა უარი საკუთარ იმიჯზე – სიარულის მანერაც კი შეიცვალა. ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის მან 1981 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიიღო.
2010 წელს თბილისს კიდევ ერთი, თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი შეემატა. სწორედ ვარსკვლავის გახსნას უკავშირდება 10-წლიანი პაუზის შემდეგ მისი სცენაზე დაბრუნება. თენგიზ არჩვაძემ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლში „მგზავრის წერილები“ ილია ჭავჭავაძის როლი შეასრულა. მას პარტნიორობას გივი ბერიკაშვილი უწევდა.
პრემიები და წოდებები:
- 1985 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1981 — სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1979 — საქართველოს სახალხო არტისტი
- 1967 — საქართველოს დამსახურებული არტისტი