კორონავირუსზე შემოწმებები გრძელდება: დღეს კვლევებს კიდევ ერთ ბაზრობაზე ჩაატარებენ  

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკის ზონებად სწორედ ბაზრობებს მიიჩნევენ, ამიტომ მათ განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანენ.
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. დღეს კორონავირუსზე კვლევები ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ჩატარდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბაზრებს ამოწმებენ – გამოიწერა პირველი ჯარიმები>>

რამდენიმე დღის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ინფიცირების ჯაჭვის მიხედვით ეპიდემიოლოგები ლილოს ბაზრობაზე გავიდნენ, სადაც გარდაბნის მცხოვრებლები ვაჭრობენ. ამ ფაქტის გამო სპეციალისტებმა ყველა მოვაჭრის შემოწმება დაიწყეს. ლილოს ბაზრობის მსგავსად, კორონავირუსზე  სხვა ბაზრების მოვაჭრეთა შემოწმებაც იგეგმება.

PCR–ტესტირება საქართველოს ყველა ბაზრობაზე ჩატარდება

„ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი კვლევები გრძელდება. დაახლოებით 4 300-მდე ადამიანია გამოკვლეული. დავიწყეთ კვლევები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით „დინამოს ბაზრობაზე“, კვლევები ჩატარდება ელიავას ბაზრობაზეც, სადაც დაახლოებით 500-500 ადამიანი უნდა იყოს გამოკვლეული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე სტადიონ „დინამოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზრობაზე ტესტირება 300-მდე პირს ჩაუტარდა და არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამიტომ  ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მართვადია.

რაც შეეხება ლილოს ბაზრობას, 31 ივლისის მონაცემებით, შემოწმებული 3,8 ათასი მოვაჭრიდან მხოლოდ ხუთ შემთხვევაში დადასტურდა კორონავირუსი.

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები კორონავირუსზე შეამოწმეს: რამდენს დაუდგინდა ვირუსი?>>

2  აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 1171-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 947, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.