რურუას ფაქტორი: „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელისადმი განაჩენი, როგორც სკანდალის საბაბი

პოლიტიკური დაკვეთა თუ სასჯელი დანაშაულისთვის? ხელისუფლება და ოპოზიცია რურუას  მიმართ აღძრულ საქმეს სხვადასხვაგვარად აფასებს
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ურთიერთბრალდებებისთვის ახალი საბაბი გამონახეს. ამჯერად დავის საგნად იქცა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი განაჩენი. 

საქართველოს პრეზიდენტი: მე არ შევიწყალებ გიორგი რურუას

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ რურუა ბრალდებულად ცნო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რურუას საქმე გასული წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც მასობრივი საპროტესტო აქციების დროს იგი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და პისტოლეტი უპოვეს. მისი ბრალის დამტკიცება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხერხდა.

ამასთან,  ქართულ საზოგადოებაში ჯერაც არ ჩამცხრალა კამათი თემაზე - დამნაშავეა რურუა თუ პოლიტპატიმარი.

დამნაშავე თუ პოლიტპატიმარი

მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ რურუა დამნაშავეა, რომელმაც სასჯელი დაიმსახურა.

 „საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა გამჭვირვალეა, მით უმეტეს ბოლო წლებში. ქართულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს  და არა აქვს მნიშვნელობა - ტელეარხის მფლობელია ის თუ ჩვეულებრივი ადამიანი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამავე აზრისაა მმართველი პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი.

 „ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომელიც ცდილობდა მის (რურუა, - რედ.) უდანაშაულოდ გამოცხადებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა. 

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ოპოზიცია კი საპირისპიროშია დარწმუნებული.

 „ივანიშვილმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ არ გატეხილა და განაგრძობს ქვეყნის წინაშე  მავნებლობას“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განმარტებით, რურუას საკითხის გადაჭრის ერთადერთი მეთოდი - დაგეგმილ  საპარლამენტო არჩევნებზე  „ქართული ოცნების“ დამარცხებაა.

რურუას ფაქტორი

რურუას პერსონის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისმა დაპატიმრებამ   საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმა ლამის ჩააგდო. მისი გათავისუფლება ოპოზიციის მთავარი პირობა გახდა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხში. 

გახარია რურუას გათავისუფლებაზე – ყველა დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს

რურუას დაპატიმრების მომენტიდან ოპოზიციურმა პარტიებმა იგი,  „გამარჯვებული საქართველოს“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და გიგი უგულავასთან ერთად, „პოლიტპატიმრად“ შერაცხეს.  სამივეს გათავისუფლების მოთხოვნა მოხვდა  შეთანხმებაში, რომელსაც 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწიეს.

თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და უარყოფდა მასზე ზეწოლის ბრალდებებს. მოგვიანებით, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შედეგად, კონფლიქტი პოლიტპატიმრების გამო ნაწილობრივ მოგვარდა. თუმცა, რურუას, რომლის საქმეზეც მაშინ გამოძიება მიმდინარეობდა, ეს შეწყალება არ შეეხო. ამგვარად, მისი გათავისუფლება ოპოზიციის ნაწილის მთავარ მოთხოვნად დარჩა.

ამის გამო ოპოზიციამ უარი განაცხადა მეორე და მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე და მმართველ პარტიას მოუხდა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან მოლაპარაკება, რათა ხმების საკმარისი რაოდენობა მოეგროვებინა და საკონსტიტუციო ცვლილებები დაემტკიცებინა.

რურუას საქმე

გიორგი რურუა - სააკაშვილის მთავრობის ყოფილი კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას ძმა და არაერთი ოპოზიციონერის ახლო მეგობარია.

პირველად მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის სექტემბერში, როდესაც მან „მთავარი არხის“ 2,5%-იანი წილი შეიძინა. 

ოპოზიცია: გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება

თავიდან რურუას დაკავებას სწორედ ოპოზიციური ტელეარხის საქმიანობას უკავშირებდნენ, რომელსაც ხელისუფლება ხშირად დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა.

ოპოზიციისა და ტელეარხის თანამშრომლების მოსაზრებას ამყარებდა ის ფაქტი, რომ ტელეარხის საკონტროლო პაკეტის მფლობელ  ნიკა გვარამიას მიმართ ასევე გამოძიება მიმდინარეობს და მას პატიმრობა ემუქრება.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კი რურუა თავიდანვე იყო ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მათი არაერთხელ განაცხადეს, რომ რურუას დაკავება არ უკავშირდება არც მის სამუშაოს და არც ტელეარხის საქმიანობას.

თუმცა, ოპოზიცია თავისას ამტკიცებდა და „მთავარი არხის“ თანამფლობელის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებას მოითხოვდა.