საფრანგეთის ელჩი: მთავრობა არის კომპეტენტური, ხოლო პოლიტიკა გამჭვირვალე

Air France  ფრენებს პარიზიდან ოთხშაბათობითა და შაბათობით, ხოლო თბილისიდან - ხუთშაბათობითა და კვირაობით შეასრულებს
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik.  საქართველომ კარგად იმოქმედა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ – მთავრობა კომპეტენტურია, პოლიტიკა კი გამჭვირვალე, განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა. 

მორიგი სპეცრეისი – ამჯერად პარიზიდან

 „საქართველომ ძალიან კარგად იმოქმედა დაავადებასთან ბრძოლის დროს. მთავრობა არის კომპეტენტური, ხოლო პოლიტიკა გამჭვირვალე. ამით აღფრთოვანებული ვარ. ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს უფრო მტკიცე და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს. დემოკრატიული ინსტიტუტები ნიშნავს პოლიტიკურ კონკურენციას და შესაბამისად, კარგ მთავრობას“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა ტელეკომპანია Imedi–ის ეთერში. 

დიეგო კოლასმა კმაყოფილება გამოხატა, რომ  პანდემიის პირობებში საქართველომ და საფრანგეთმა ერთ–ერთმა პირველებმა აღადგინეს  მიმოსვლა.

 „საქართველო იმ რამდენიმე ქვეყნას შორისაა, რომლებსაც საფრანგეთმა გაუხსნა საზღვარი. ასევე მოიქცა ბევრი სხვა ევროპული სახელმწიფოც. საფრანგეთი მოხვდა იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელთაც საქართველომ გაუხსნა საზღვარი. ახლა ჩვენ Air France–ის ფრენების დაწყებას ველოდებით და როგორც ჩვენ ვიცით, რეისები კვირში ორჯერ ესრულდება“, – განაცხადა მან.

საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს ტურისტულ სეზონში მცირე წვლილს შეიტანს, ნათელია, რომ წელს იგი კარგი არ იქნება.

 „ასევე განახლდება კავშირები ადამიანებს შორის. მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი პირველი ე.წ. ხიდი, რომელიც კორონავირუსის შემდეგ ადამიანებს შორის აღდგა, იყო საქართველოსა და დასავლეთ ევროპას, კერძოდ, კი საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირი“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

მივფრინავთ პარიზში და არა მარტო

Air France საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლას 8 აგვისტოდან განაახლებს. ფრანგული ავიაკომპანია რეისებს შემდეგი გრაფიკით შეასრულებს: პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს და თბილისი-პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

რეგულარული რეისები Airbus–ის  A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთში კორონავირუსის 183 079 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 209 ადამიანი. 

მიუნხენი-თბილისი: Lufthansa რეგულარულ ავიარეისებს აღადგენს

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად იხსნება. 

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაცია მისცა წევრ ქვეყნებს. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე შევიდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

იმ ქვეყნების განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლებისთვისაც ევროკავშირი რეკომენდაციას გასცემს, რომ მოიხსნას მოქმედი შეზღუდვა საზღვრების გადალახვაზე, ითვალისწინებს ეპიდემიურ ვითარებას, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებულ ზომებს, მათ შორის ფიზიკურ დისტანცირებას, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.
საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.

საქართველომ, თავის მხრივ, საზღვრები ყოველგვარი პირობების გარეშე ხუთი ქვეყნისთვის გახსნა, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. 

ჩარტერული რეისები აგვისტოში: რომელ ქვეყნებშია დაგეგმილი ფრენები

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველია, რომელიც 2 აგვისტოდან განაახლებს რეგულარულ ფრენებს საქართველოში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანია AirBaltic-თან.

საქართველოს სახმელეთო საზღვარი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე ჩაკეტილია.

პანდემიის პერიოდში სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ჩამოჰყავთ. ამჟამად საქართველოს ყველა მოაქალაქე, რომელიც უცხოეთიდან  სამშობლოში ბრუნდება, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადის, ხოლო ოფიციალური მივლინებებიდან დაბრუნებული პირები 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ PCR–ტესტს გადიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1145–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 927, გარდაიცვალა 16.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.