წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე და თანამშრომელი დააკავეს

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაშინ დააკავეს, როდესაც ის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მის მანქანაში სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სამართალდამცავებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მისი თანამშრომელი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამართალდამცველებმა სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღეს

არსებული ინფორმაციით, თემურ ღვინჯილია მაშინ დააკავეს, როდესაც Toyota Prado-ს მარკის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მის მანქანაში სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.

„ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, მანამდე იმავე მუნიციპალიტეტში საგზაო სამმართველოს წარმოების უფროსი იყო.