თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 94%-მა მიიღო მონაწილეობა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი გამოცხადდა, განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ასევე, დღეს ჩატარდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. განათლების სამინისტროს შეფასებით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
სოფო გორგოძის განცხადებით, ორი ძირითადი მიზანი, რომელიც ეროვნული გამოცდების პროცესში იყო დასახული, მიღწეულია.
„ერთი მიზანი გახლდათ, რომ პანდემიის პირობებში შეგვექმნა აბიტურიენტებისთვის ისეთი გარემო, მათ მაქსიმალურად შეძლებოდათ გამოევლინათ თავიანთი ცოდნა და უნარები, მეორე – მასშტაბური ღონისძიების დროს თავიდან აგვეცილებინა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. ვფიქრობ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ორივე მიზანი მიღწეულია“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, იყო გარკვეული პრობლემებიც, მაგრამ როგორც ინფიცირებულმა, ასევე კარანტინში გადასულმა აბიტურიენტებმა შეძლეს გამოცდების ჩაბარება და პროცესს არ გამოთიშულან.
გორგოძის განცხადებით, გამოცდებზე იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები, ასევე დაფიქსირდა ეროვნული გამოცდებიდან აბიტურიენტების მოხსნის სამი ფაქტი - გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, მაგრამ საგამოცდო პროცესი 4 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
„მასწავლებლობის მსურველებისთვის გრძელდება ეს პროცესი, ასევე მაგისტრობის მსურველები, რომლებიც 1 და 4 აგვისტოს ჩათვლით გაივლიან ტესტირებას“, – განაცხადა გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორების პროცესი მიმდინარეობს. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
2020 წლის გამოცდებისათვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი, 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.