„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ პოლონელი პოეტის, ფილოსოფოსის, სატირიკოსი მწერლისა და ავტორის, სტანისლავ ეჟი ლეცის (Stanisław Jerzy Lec, 1909-1966) აფორიზმებს.
• როდესაც მაიმუნმა გადაიხარხარა, და სარკეში თავისი თავი დაინახა, დაიბადა ადამიანი.
• გამოუვალს ისეთ მდგომარეობას ვუწოდებთ, რომლიდან გამოსავალიც არ მოგვწონს.
• ადამიანები მარტონი არიან, რადგან ხიდების ნაცვლად კედლებს აშენებენ.
• კანონის უცოდინრობა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. აი, კანონის ცოდნა კი — არცთუ იშვიათად ათავისუფლებს.
• აი, გაიტანე კიდეც თავით კედელი… და რას გააკეთებ მეზობელ კამერაში?
• სწორხაზოვნებო! ფრთხილად იყავით მოსახვევებში.
• არასდროს გაუღო კარი მას, ვინც კარს შენი ნებართვის გარეშეც აღებს.
• სათავეს რომ მიაღწიო, დინების საწინააღმდეგოდ უნდა იცურო.
• იყავით თვითნასწავლი, ნუ დაელოდებით, სანამ ცხოვრება გასწავლით.
• ყოველ ჯერზე, როცა ვამბობ „დიახ", წინასწარ ვხედავ, რამდენი „არა" დამიჯდება ეს.
• ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ ნათლად გამოხატული სრულფასოვნების კომპლექსი მიჩნდება.
• მოდით, ვიყოთ ადამიანები მანამდე მაინც, სანამ მეცნიერება არ აღმოაჩენს, რომ რაღაც სხვა ვართ.
• იტირეთ ცრემლებამდე! ეს აწყობს როგორც ოპტიმისტებს, ისე პესიმისტებს.
• ნუ ჰკითხავ ღმერთს სამოთხისკენ მიმავალ გზას — ის ყველაზე რთულ გზას გიჩვენებს.
• ხანდახან მხოლოდ გამბედაობა საკმარისი არ არის, თავხედობაც საჭიროა.
• ნუ უწოდებ ნივთებს თავის სახელს, თუ მათი გვარი არ იცი.
• ისტორიის ტყუილისგან გაწმენდის შემდეგ აუცილებელი არ არის, სიმართლე დარჩეს, ხანდახან საერთოდ არაფერი რჩება.
• საუბრის ხელოვნება რომ გაიზარდოს, შობადობა შემცირდება.
• იმედი ხედავს უხილავს, გრძნობს მიუწვდომელსა და აკეთებს შეუძლებელს.
• შეიძლება მუზას მართლა ყველასთან სძინავს, მაგრამ შთამომავლობა მხოლოდ ერთეულებთან ჰყავს!
• ხანდახან გუბეც სიღრმის შთაბეჭდილებას ქმნის.
• თუ ცოლი გეუბნება: „რქიანო ეშმაკო!", ეშმაკს გულთან ახლოს ნუ მიიტან, მაგრამ რქებზე დაფიქრდი.
• დაფნა ხანდახან თავში ფესვებს უშვებს.
• მონების ოცნება: ბაზარი, სადაც თავისთვის ბატონების ყიდვა შეიძლება.
• ცხოვრება მავნებელია. ამისგან კვდებიან.
• ყოველთვის მოიძებნებიან ესკიმოსები, რომლებიც ეკვატორული აფრიკის მოსახლეობას ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ საშინელი სიცხის დროს.
• იქ, სადაც უნისონში მღერიან, სიტყვებს მნიშვნელობა არა აქვს.
• ლამაზი ტყუილი? ყურადღება! ეს უკვე შემოქმედებაა.
• ისტორია მეორდება, რადგან არ გვყავს ისტორიკოსები, რომელთაც ფანტაზიის უნარი გააჩნიათ.
• სულელი — ესაა ადამიანი, რომელიც თავს ჩემზე ჭკვიანად მიიჩნევს…
• რაც უფრო ბნელა, მით უფრო ადვილია ვარსკვლავი იყო.