თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე წერილი დაწერა, რომელიც ავტომანქანაში სამართალდამცველებმა იპოვეს. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გოგონა წერილში ოჯახის წევრებს მიმართავს და წერს, რომ ანაბარზე თანხა აქვთ, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ.
ცნობილი ხდება, რომ ავტომანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტიც.
ფონიჭალიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დღეს, დილით გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს.
დაკარგული გოგონას ახლობლებმა 21 ივლისის საღამოს ფონიჭალაში გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც მათ საქმის გამომძიებელი შეხვდა და საქმის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
დაკარგული გოგონას დედის თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილმა განათლება საფრანგეთში კიბერუსაფრთხოების დარგში მიიღო. დედა იმასაც ამბობს, რომ არ იცოდა მისი შვილი სად მუშაობდა, თუმცა გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე თამარი სამსახურიდან წამოვიდა. რამდენიმე დღის წინ კი ოჯახს გოგონას დირექტორი დაუკავშირდა.
სამძებრო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობდა, სამუშაოებში ჩართული იყო 60-მდე პოლიციელი.
23 წლის თამარ ბაჩალეიშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11:00 საათზე გავიდა. ის ვერცხლისფერი „ჰიუნდაით” გადაადგილდებოდა.
12:00 საათზე მანქანა ვიდეოკამერამ მარნეულში დააფიქსირა, შემდეგ კი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში. თვითმხილველებმა ბოლოს ის სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი უკვე დაიკარგა.