თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონას სამსახურში კონფლიქტი ჰქონდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ>>
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. როგორც გოგონას ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მას თეთრიწყაროს რაიონთან არაფერი აკავშირებდა. ბაჩალიაშვილი სახლიდან საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრებმა მაშინვე მისი ძებნა დაიწყეს. ვიდეოკამერამ მისი ავტომობილი ჯერ მარნეულთან დააფიქსირა, შემდეგ – თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშთან. თვითმხილველებმა ბოლოს ის ხაიშის მეზობელ სოფელ გოლთეთში შენიშნეს. ამის შემდეგ ბაჩალიაშვილის კვალი წყდება.
„რომ მოდიოდა, სულ აგრესიული იყო, ორჯერ–სამჯერ ნამტირალევიც დავინახე. არ მეუბნებოდა არაფერს", – აღნიშნა თამარის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, გოგონა ბოლო დროს გაღიზიანებული იყო. აქედან გამომდინარე, მამა ვარაუდობს, რომ თამარს სამსახურში პრობლემები ჰქონდა. მშობლებმა ზუსტად არ იციან, კონკრეტულად რას საქმიანობდა გოგონა. მამამ რამდენჯერმე დააპირა მასთან ოფისში მისვლა, მაგრამ თამარმა ამის ნება არ მისცა.
თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამისტი იყო. ის გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე სამსახურიდან, IT კომპანია "ზაგიდან" წავიდა.
ეს ფაქტი ოჯახს კითხვებს უჩენს. მომხდარის მთავარ ვერსიად ისინი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ასახელებენ.
რაც შეეხება საგამოძიებო ღონისძიებებს, გამოძიების დაწყებიდან მესამე დღეს მისი ბინიდან, გამოძიებისთვის რამე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ამოიღეს პირადი კომპიუტერი. მაგრამ თავდაპირველად, არსებული ინფორმაციით, კომპიუტერში შესვლა ვერ მოხერხდა, როგორც ჩანს, ის დაშიფრული იყო.
მიუხედავად ამისა, გოგონას მამის განცხადებით, გუშინ მათ გამომძიებელმა დაურეკა და აცნობა, რომ შეძლეს კომპიუტერში არსებული ინფორმაციის შესწავლა, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ თამარს პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა სახის – ამის შესახებ ოჯახისთვის არ უცნობებიათ.
გარდა ამისა, ოჯახის წევრები უკმაყოფილო დარჩნენ საგამოძიებო ღონისძიებებით და იმით, რომ გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ იპოვეს. ამასთან დაკავშირებით თამარის ახლობლებმა და მეზობლებმა აქცია მოაწყვეს, სადაც მოითხოვეს გოგონას სატელეფონო ზარების ნახვა, სატელეფონო საუბრების მოსმენა, პირადი მიმოწერის ნახვა, ახლობლების გამოკითხვა და ა.შ.
სოფელ გოლთეთში ჩასვლასა და გოგონას ძებნაში ჩართვას ოჯახის წევრები დღესაც აპირებდნენ, მაგრამ უკვე მისი დაღუპვის ამბავი შეიტყვეს.
განცხადება გააკეთეს კომპანია „ზაგშიც". კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის განცხადებით, გოგონამ სამსახურიდან წასვლის შესახებ მათ წინა კვირაში აცნობა.
„თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა", – განაცხადა კობერიძემ.
კომპანიის დირექტორის თქმით, თამარი მას ორშაბათს უნდა დაკავშირებოდა.
მასმედიის ვერსიები
ტელეკომპანია Formula-ს მონაცემებით, ავტომობილი, რომელშიც ბაჩალიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იპოვა მწყემსმა და არა პოლიციამ. გოგონა ავტომობილის უკანა სავარძელზე იმყოფებოდა. სხეულის პირველადი დათვალიერებით მას ჭრილობები არ აღენიშნებოდა. შესაძლოა, მან გარკვეული მედიკამენტები მიიღო.
ტელეარხის მეორე ვერსიით, ავტომობილი, შესაძლოა, აღმოჩენის ადგილზე დღეს მიიყვანეს.
როგორც „მთავარი არხი" იუწყება, ავტომობილი გოგონას ცხედრით გზასთან ახლოსაა, ამიტომ აქტიური სამძებრო სამუშაოების შემთხვევაში მისი შემჩნევა რთული არ იქნებოდა. ეს ადგილი სოფელ გოლთეთიდან, სადაც გოგონას კვალი დაიკარგა, დაახლოებით ორ კილომეტრშია.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამარის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ მყვინთავები, ასევე ჩართული იყო დრონები და ვერტმფრენები. მაგრამ, „მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ ადგილზე ავტომობილის პოვნა დრონის მეშვეობით შეუძლებელი იქნებოდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა". შსს-ს ამ საქმეზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ადგილზე იმყოფებიან გამომძიებლები, ექსპერტ-კრიმინალისტები, კინოლოგები, გოგონას მამა, ძმა და ნათესავები. ტერიტორია, სადაც ავტომობილი აღმოაჩინეს, ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.