თბილისის ბაზრებში კონტროლი მკაცრდება - რამდენიმე მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდგინდა

კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ ბაზრობებზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილება მიღებულია გარდაბანში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო. ბოლო დღეებში აქ COVID-19-ის 20-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლო პაციენტი ამ მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები – ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები >>

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსით ბოლო გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებიც დაინფიცირდნენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაირკვა, რომ ყველა ინფიცირებული მუშაობდა ერთბაშად რამდენიმე ბაზრობაზე, მათ შორის თბილისში, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ ბაზრობებზე კონტროლის ზომების გამკაცრება გადაწყვიტა.

კარანტინი კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს: გებრეიესუსის განმარტება

„ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, ისინი მუშაობენ ბაზრობებზე და ამიტომ გასამკაცრებელი იქნება მთელ რიგ, მათ შორის, ლილოს ბაზრობაზე, დინამოს ბაზრობაზე, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობებზე ყურადღება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავდროულად ზომებს იღებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გარდაბნის სოფლებში - ყარაჯალარსა და ყარათაქლაში უკვე დაიწყო მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი.

მისი თქმით, სოფელ ყარაჯალარში მუშაობს ექვსი ბრიგადა და, დილის მონაცემებით, აღებულია 107 ბიოლოგიური სინჯი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1 049. ამ დროისთვის COVID–ცენტრებში 168 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათში საავადმყოფოებიდან გაეწერა სამი პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 16 ადამიანი.

კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 275 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.