„ცოტა ხანს დაველოდოთ“ - გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ არჩევნების წარმატებით ჩატარება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიაში რომელ ნომრად იქნება.

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს: გეგმები და პერსპექტივები >>

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. უკვე 20 ივლისს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომლის პოლიტსაბჭოში შედის გახარია, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებს წარადგენს.

„მესმის, რომ გარკვეული ინტერესია, რაღაც ინტრიგაა. კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, სიის ნომრით რომელი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია,“ - განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ არჩევნები საქართველოში თავისუფალ გარემოში წარიმართება და ამას ყველა პერტიამ ხელი უნდა შეუწყოს.

არჩევნები 2020: რამდენმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია და ვის ეთქვა უარი

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე და მოდით ასე გავაკეთოთ, არჩევნების ღირსეულად ჩატარება – ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიზანი. ეს ყველას, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რადგან არჩევნებით შეაფასებენ რომელიღაც პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.

დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა 68 პარტიამ, საიდანაც 20-მა უკვე გაიარა რეგისტრაცია ცესკოში.

გახარია პრემიერ-მინისტრი 2019 წლის შემოდგომაზე გახდა. დღეისათვის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით საზოგადოება მის მიმართ უფრო მეტი სიმპათიებით არის განწყობილი, ვიდრე პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.