ჩამოსვლა შეიძლება, მაგრამ ძვირი დაჯდება – საქმიანი ვიზიტები საქართველოში

სამთავრობო ვებ-გვერდზე უკვე გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის ყველა მსურველმა უნდა შეავსოს.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში ჩამოსული უცხოელი ბიზნესმენებისთვის კარანტინი, ასევე ტესტირება კორონავირუსზე, რომელიც ყოველ 72 საათში ერთხელ უნდა გაიაროს, ფასიანი იქნება.

ამასთან უცხოელ ბიზნესმენებს არჩევანის საშუალება ექნებათ: ფასიანი ორკვირიანი კარანტინი სასტუმროში ან პერიოდული ტესტირება. ორივე შემთხვევაში მომსახურების საფასურის გადახდა მათ მოუწევთ.

სადღეღამისო რეკორდი: ჯანმო ინფიცირებულთა რაოდენობაზე განცხადებას ავრცელებს>>

მთავრობის ვებ-გვერდზე უკვე გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც ყოველმა ჩამოსმვლელმა უნდა შეავსოს. დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენებზეა და 24 პუნქტისგან შედგება.

სავალდებულო შესავსებ კითხვებს შორისაა – „იყავით თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული“.

სამუშაო ვიზიტის წესები საქართველოში – როგორ გადმოკვეთენ ქვეყნის საზღვარს ბიზნესმენები

დოკუმენტის შევსების დროს პირმა, პირველ რიგში, უნდა მიუთითოს, არის ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი.

შემდეგ მოდის პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, დაბადების თარიღი, ასევე აუცილებელია პასპორტის ასლის ფაილის ჩატვირთვა.

ჩამომსვლელმა უნდა მიუთითოს ჩამოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის სავარაუდო თარიღი, ასევე ადგილი, სადაც ის საქართველოს საზღვარს გადაკვეთს.

ბიზნესმენმა ასევე უნდა მიუთითოს ორგანიზაციის დასახელება, რომლის მიწვევითაც ის ჩამოდის, და საკონტაქტო პირის ტელეფონი.

სავალდებულოა ასევე ვიზიტის მიზნისა და იმ უწყების მითითება, რომელიც გამგზავრების ნებართვას გასცემს.

დოკუმენტის ბოლოს მითითებულია ველი, სადაც ბიზნესმენმა საქართველოში ჩამოსვლის დროს თავად უნდა შეარჩიოს – ან კარანტინი, ან პერიოდულად PCR–ტესტირება.

როგორი ეპიდვითარებაა იმ ხუთ ქვეყანაში, ვისთვისაც საქართველო საზღვრებს ხსნის

იქვე მითითებულია ტესტის ღირებულება – 250 ლარი.

ამჟამად საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველოში ჩამოსვლის წინ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში გაჩერების ადგილი და საკონტაქტო მონაცემები.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის ნებას ასევე რთავს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ეს ქვეყნებია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მაგრამ მათთვის აუცილებელია ორკვირიანი კარანტინის გავლა საკუთარ ხარჯზე.

რამდენს დახარჯავს მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე>>

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კარანტინში ყოფნა 14 დღით ძალაში რჩება, მაგრამ ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

რატომ არ ხსნის საქართველო საზღვრებს მეზობელი ქვეყნებისთვის? – მთავრობის არგუმენტები

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც საქართველო თავის საზღვრებს ხსნის, ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და განახლდება.

კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე საქართველომ უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, 21 მარტს დაკეტა. საერთაშორისო ვიზიტორების მიღება 1 ივლისიდან უნდა აღდენილიყო, მაგრამ საზღვრების გახსნა 1 აგვისტოსთვის გადაიდო.

ამავდროულად თბილისიდან ევროპის ქალაქებში მთელი ივლისის განმავლობაში ჩარტერული რეისები სრულდება. რეისებზე ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდებს უნდა ეწვიონ.