საგარეო უწყება: სააკაშვილის განცხადებები საქართველო–უკრაინის ურთიერთობებს ვნებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ შეიტანა დაძაბულობა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მორიგი მტრული დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიმართ ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად უკრაინელი ჩინოვნიკის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ისევ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩთან შეხვედრის საბაბი გახდა.

სააკაშვილმა ამ დღეებში თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ არ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას. მან ასევე განაცხადა, რომ ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერსაა დანიშნული, „მოწინავე ხაზზე“ იქნება.

საქართველო უკრაინისგან განმარტებას მოითხოვს: სააკაშვილის მორიგი განცხადება

საქართველოს საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები ხელს არ უწყობს ქართულ–უკრაინული ურთიერთობების გამტკიცებას და მას არსებით ზიანს აყენებს.

უკრაინის ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, შეშფოთება გამოთქვა უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიუღებელი განცხადებების თაობაზე.

გამოითქვა იმედი, რომ უკრაინული მხარე სათანადო შეფასებას მისცემს ამ ფაქტს და ორივე მხარე გამოიჩენს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

ყველანი ერთის წინააღმდეგ: საქართველოში სააკაშვილით უკმაყოფილონი არიან>>

უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ ის კიევს ოფიციალური თბილისის პოზიციას გადასცემს.

გარდა ამისა, სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი თავის უკრაინელ კოლეგას ესაუბრა, რომლის დროსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და ვითარებაში გარკვევის პირობა დადო.

სუს-ი შეისწავლის სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს უკრაინული ვებგვერდიდან

ეს სააკაშვილის პირველი ხმაურიანი განცხადება არაა, რომლის გამოც ქვეყნებს შორის გარკვეული დაძაბულობა ჩნდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივნისში უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოში ეს განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში ჩარევად შეფასდა. მაშინ უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური პირი არაა და შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა.

უფრო ადრე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა და არ გაითვალისწინა ოფიციალური თბილისის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, საქართველომ კიევიდან კონსულტაციებისთვის თავისი ელჩი გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

კალაძე: ავანტურისტი სააკაშვილი არ სჭირდება არც საქართველოს, არც უკრაინას

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამასთან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა საქართველოში არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.