ოპოზიციურ-ქალური სოლიდარობა - ნინო ბურჯანაძემ ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი დაუჭირა

ოპოზიცია აქვს ახალი ინიციატივა - საეჭვო უბნებზე დაკანონდეს ხმების გადათვლა, რათა არჩევნების ლეგიტიმურობა და გამჭვირვალობა გაიზარდოს
Sputnik

თბილისი,  6 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ინიციატივა და ხელისუფლებას მოუწოდა დაჩქარებული წესით შეიტანოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ბიულეტენების დათვლას ეხება.

არჩევნები 2020: საქართველოს ყველაზე არაორდინარულმა პარტიამ რეგისტრაცია გაიარა >>

როგორც ბურჯანაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მომავალ არჩევნებზე საეჭვო უბნებზე ხმების გადათვლა აუცილებელი იქნება.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ეკას ამ ინიციატივისთვის და საგანგებოდ აღვნიშნო, რომ აღნიშნული თემა ჯერ კიდევ შარშან იხილებოდა, როდესაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები იყო და პრაქტიკულად, მიღწეული იყო შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ამოცანისა და მიზნის შესასრულებლად, რასაც არჩევნებისადმი ნდობის ამაღლება ჰქვია, ძალიან მნიშვნელოვანია, უბნების გადათვლა არ იყოს პრობლემური და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება მიღწეული იყო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ამ ინიციატივას.

„წინასაარჩევნო ვნებანი“: „ნაცმოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანისთვის ემზადება

„პირველი ხარისხის ამოცანა არის ის, რომ უბნების გადათვალა შესაძლებელი იყოს, თუ კითხვის ნიშნები ჩნდება და თუ უბნები გადაითვლება და გამოჩნდება, რომ უბნის მონაცემი და ყუთში არსებული მონაცემი ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ გექნებათ უფლება თქვათ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემები შეიქმნება. მინდა საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდო, აუცილებლად დაჩქარებული წესით განიხილოს აღნიშნული კანონპროექტი და ამავდროულად, მხარი დაუჭიროს“, - დასძინა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში ისმის შეშფოთება იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსში არ არსებობს დავების გადაჭრის და ხმების სწორი დათვლის მექანიზმი.

„ეს ინიციატივა გახმოვანებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაშიც. ასე, რომ ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანი და და საფუძვლიანია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია სთავაზობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რომლებიც სადავო საარჩევნო უბნებზე ხმების გადათვლის შესაძლებლობას იძლევა.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი წულუკიანი იქნება?

პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით 2 ივლისს მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, კანონპროექტში ეუთო/ოდირის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული.

მთავარ სიახლეს წარმოადგენს პარტიული სიების იმგვარად დაკომპლექტება, რომ მის 25%-ს ქალები შეადგენენ.

დანარჩენი ცვლილებები შეეხო საუბნო კომისიების დაკომპლექტებას, აგიტაციას არჩევნების დღეს, პოლიტიკურ რეკლამას, ეგზიტპოლებსა და პარტიების დაფინანსებას.

ასევე საქართველოში პირველად სიჩუმის დღე დაკანონდება. არჩევნების დღეს პარტიებს აეკრძალებათ შეტყობინებების გაგზავნა ამომრჩევლებისთვის, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები საარჩევნო უბანთან 25 მეტრის რადიუსში ყოფნას ვერ შეძლებენ.