„გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი“– ახალი სკანდალი ფეხბურთელის საქმეში

კვირაზე მეტი გავიდა, რაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ელოდება ექსპერტიზის პასუხს, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში „მთავარი აქცენტები” გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია საკუთარი წყაროსგან, რომ ვახო ჩიქოვანს, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა და ამჟამად დაკავებულია, გიორგი შაქარაშვილის მიმართ პირადი მიზნები ამოძრავებდა.

„გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი და ჩიქოვანი იყო „აფსაიდში“. აქ ამბავი მათ შორის ამ თემაზე დაიწყო. ჩიქოვანის მიერ ამოყვანილი ხალხი სპეციფიურად სჯის შაქარაშვილს, მათი მთავარი ინტერესი არის შაქარაშვილი და არავინ სხვა. მე ეს ინფორმაცია მაქვს იმ წყაროსგან, რომელიც შეუძლია მარტივად დაადგინოს გამოძიებამ და იპოვოს ოჯახში”, – განაცხადა გვარამიამ.

23 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

„გიოს უცნობ ნაწერებს ვნახულობ...“ – შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.  

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: სასამართლომ 17-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ვიდეომასალას აქვეყნებს: რა მოხდა 19 ივნისის ღამეს

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ცხედრის ექსპერტიზის შედეგები ცნობილი გახდება დაჩქარებული წესით.