სამსონ ხონელი
მკათათვე მიიწურა, ეროვნული ბანკი ვარდობისთვის ანგარიშს აქვეყნებს... საკამათო არ არის, ჯობს საფინანსო-საბანკო სექტორის მთავარი მარეგულირებელი ყოველთვიურ შემაჯამებელ ინფორმაციას ოპერატიულად ავრცელებდეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ხანდაზმულობის ვადას მომხმარებლებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტული ციფრები და თანდართული ანალიტიკური მასალა საფინანსო ბაზარზე არსებულ ტენდენციაზე მიანიშნებს.
კობა გვენეტაძის უწყების ყოველთვიური ანგარიში მოიცავს მონაცემებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში კომერციული საბანკო სექტორის ჯამური შემოსავლებისა და მოგება-ზარალის, საკრედიტო პორტფელის მოცულობის, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტზე საპროცენტო განაკვეთებისა და დეპოზიტების შესახებ. მივყვეთ თანმიმდევრულად.
მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 15 კომერციული ბანკი ოპერირებს. მაისში საბანკო სექტორის შემოსავლებმა 362.625 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2.625 მილიონი ლარით ნაკლებია. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, 306.333 მილიონი ლარი საპროცენტო შემოსავლებზე მოდის. კომერციულმა ბანკებმა 1.217 მილიონი ლარი ჯარიმა/საურავებიდან, ხოლო 20.937 მილიონი ლარი საკომისიოებიდან და სხვა მომსახურებიდან მიიღეს.
მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ შემოსავლები შემცირდა. ეს მოგების მაჩვენებელზეც აისახა. კომერციულმა ბანკებმა მაისი 53.353 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.631 მილიონი ლარით ნაკლებია. გასული წლის მაისში ბანკების წმინდა მოგება 63.984 მილიონ ლარს შეადგენდა.
გადავხედოთ კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელს. ეროვნული ბანკის მონაცემებით:
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 25.40 მილიონი ლარით, 0.20 პროცენტით შემცირდა და სულ 34.18 მილიარდი ლარი შეადგინა. ახლა საინტერესოა, საერთო საკრედიტო პორტფელში როგორია ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი. პასუხი ამ კითხვაზე საშუალებას მოგვცემს, მეტ-ნაკლებად გავარკვიოთ ტენდენცია, დაკრედიტებისას კრედიტორი და დებიტორი რომელ ვალუტას ანიჭებენ უპირატესობას. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 28.85 მილიონი ლარით, 0.20 პროცენტით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.45 მილიონი ლარით, 0.02 პროცენტით გაიზარდა. მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.86 პროცენტი შეადგინა.
სხვისი არ ვიცი, ჩემთვის კი ეს მონაცემები მოულოდნელი არ ყოფილა. რატომ? – შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ: კომერციული ბანკი დაინტერესებულია სესხი მყარ ვალუტაში გასცეს. ამით კრედიტორი თავს იზღვევს საფინანსო ბაზარზე არსებული სავალუტო რყევებით გამოწვეული რისკებისგან. გარდა ამისა, გაცილებით მარტივად პროგნოზირებადია საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში მისაღები შემოსავლების მოცულობა დროის როგორც მოკლე და საშუალო, ისე შედარებით გრძელვადიან პერიოდში. შეგახსენებთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 12 პროცენტით გაუფასურდა. ამგვარი მსჯელობისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომერციულ ბანკს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, როცა კრედიტის მოცულობა 200 ათას ლარს აღემატება. რაც შეეხება მსესხებელს, სპეციალისტების რჩევაა კრედიტი იმ ვალუტაში აიღოს, რაშიც შემოსავალი აქვს. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით საყურადღებოა სავალუტო რყევების პირობებში. თუმცა ტენდენცია სხვაგვარია. რატომ? – შესაძლოა კვლავაც ჩამეძიოს მკითხველი. უპასუხოდ არც ამ კითხვას დავტოვებ.
სავარაუდოდ, დებიტორი, თუ საკრედიტო თანხის მოცულობა 200 ათას ლარს აჭარბებს და, შესაბამისად, არჩევანის უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას ის სავალუტო რისკებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს და საპროცენტო განაკვეთით ხელმძღვანელობს. მაგალითად: თუ ჩვენ 200 ათას ლარს 10 წლის ვადით, წლიურ 12 პროცენტში ვისესხებთ, ყოველთვიური საბანკო ვალდებულება 2 870 ლარს შეადგენს. ახლა ვნახოთ ყოველთვიურად რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ დღევანდელი კურსით 200 ათასი ლარის ეკვივალენტ 66 ათას დოლარს იმავე 10 წლის ვადით და წლიური 6 პროცენტით ვისესხებთ. ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 734 დოლარი იქნება, რაც იმავე კურსით 2 211 ლარია. სხვაობა შთამბეჭდავია – 649 ლარი! არავინ იფიქროს, რომ სპეციალისტების რჩევას უგულებელვყოფ და კრედიტის დოლარში აღების აგიტაციას ვეწევი. არა, უბრალოდ დასმულ კითხვას გავეცი პასუხი. აქვე მკითხველი შესაძლოა დაინტერესდეს, რა ხდება, როცა საბანკო რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო კრედიტის უცხოურ ვალუტაში გაცემა ვერ ხერხდება? პასუხი მარტივია, კომერციული ბანკი მსესხებელს კრედიტის აღებას ლარში სთავაზობს. ამასობაში „თიბისი კაპიტალი“ ახალი კვლევის პირველ შედეგებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ მოსალოდნელია, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3.15-ს გაუტოლდეს, ხოლო წლის ბოლოს 3.0-მდე გამყარდეს. გამართლდება თუ არა პროგნოზი და შესაძლო სავალუტო რყევას რა გავლენა ექნება ბანკების საკრედიტო პორტფელის მოცულობასა და საპროცენტო განაკვეთებზე, დრო გვიჩვენებს. ახლა კი ვნახოთ, როგორი იყო საპროცენტო განაკვეთების დინამიკა მაისის თვეში.
კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში (1-31 მაისი) წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მთლიან სესხებზე 13.6 პროცენტს შეადგენდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტია. მიაქციეთ ყურადღება, ბოლო ერთ წლიწადში ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 14.8 პროცენტიდან 16.6 პროცენტამდე გაიზარდა. საპოცენტო განაკვეთის ზრდა ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 21.6 პროცენტს შეადგენდა. ეს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4.5 პროცენტით მეტია. საპროცენტო განაკვეთი 10.6 პროცენტიდან 12.3 პროცენტამდე გაიზარდა იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზეც. სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებით, ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას პირველ რიგში ეროვნული ვალუტის გაუფასურება განაპირობებს.
უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო განაკვეთის შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7.2 პროცენტი იყო. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთს, ის 7.3 პროცენტიდან 6.8 პროცენტამდე შემცირდა.
ამასობაში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ე.წ. რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა და 8.25 პროცენტი გახდა. გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსთა ჯგუფი გამოეხმაურა. მათი შეფასებით, სასურველია, ეროვნულმა ბანკმა შემდეგ სხდომებზე უფრო მკვეთრად შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეს, ერთი მხრივ, პირდაპირ მოახდენს გავლენას დაკრედიტებაზე და, მეორე მხრივ, დადებით მოლოდინს გააჩენს, რადგან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საინვესტიციო რისკების შემცირების ერთ-ერთი სიგნალია. ეს მომავალში, მანამდე კი სესხზე ყოველთვიური
შენატანი 119 200 მსესხებელს შეუმცირდება. დიახ, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სწორედ ამ რაოდენობისა და 6140.55 მილიონი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
ორიოდე სიტყვა საბანკო სექტორში განთავსებულ არასაბანკო დეპოზიტებზეც უნდა ვთქვათ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისის ბოლოს დეპოზიტების მოცულობამ 28.22 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც აპრილის თვის მაჩვენებელზე 636.68 მილიონი ლარით, 2.31 პროცენტით მეტია. კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში ვადიანი დეპოზიტები 490.18 მილიონი ლარით, ანუ 3.92 პროცენტით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 146.50 მლნ ლარით, ანუ 0.97 პროცენტით გაიზარდა. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის მაისის თვის ბოლოს 35.92 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ზრდა 1.57 პროცენტია. ამ პერიოდში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა სულ 7.02 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.53 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.93 პროცენტი. ვეჭვობ, არავის გაუკვირდება, რომ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში უდიდესი წილი, 84.34 პროცენტი ამერიკულ დოლარზე მოდის. მომდევნო პოზიცია ევროს უკავია 14.3 პროცენტით.
და, ბოლოს, თავად ვუპასუხებ სტატიის სათაურში დასმულ კითხვას. ეცადეთ არ ისესხოთ. თუ აღება გარდაუვალია, მოიძიეთ უპროცენტო ფული. თუ ესეც არ ხერხდება, გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი − სავალუტო რისკებისგან თავის დაზღვევა თუ შედარებით ნაკლები ყოველთვიური სასესხო შენატანი? ორივეს ერთად ვერ შეძლებთ! რაც შეეხება დეპოზიტს, გამოცდილება არ მაქვს და ვერაფერს ვიტყვი. ისე კი, მახსოვს, წლების წინ ერთ ბანკირს რჩევისთვის მივმართე – დანაზოგი რომ მქონდეს, დეპოზიტზე რომელ ვალუტაში შევინახო-მეთქი. მოკლედ მიპასუხა, შენი რაც არის, შენთანვე იყოსო! დანარჩენი თქვენ იცით...