ევროკავშირი საქართველოს მწვანე შუქს უნთებს: როგორ შეძლებენ ქართველები გამგზავრებას

საქართველო იმ ქვეყნების წინასწარ სიაში მოხვდა, რომლებსაც ევროკავშირი 1 ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის.
Sputnik

აქამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს მთავრობაც 1 ივლისიდან რეგულარული ფრენების აღდგენას, ტურისტების მიღებასა და საერთაშორისო ავიაგადამზიდებისთვის ცის გახსნას გეგმავდა, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ რეგულარული ფრენები 1 აგვისტომდე არ განახლდება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია დანარჩენ მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ ქვეყანაზე, ვისთანაც უნდა აღდგეს რეგულარული ფრენები.

გუშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც გაავრცელა ნოტამი (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის), სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა.

ფრენების აღდგენა: აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა

ამასთან, სააგენტომ მგზავრებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღისა და დადასტურებული ფრენების განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საზოგადოებაში ერთგვარი გაურკვევლობა და დაბნეულობაა: ერთი მხრივ, ევროკავშირი 1 ივლისიდან საზღვრებს გვიხსნის, მეორე მხრივ კი, საქართველოს მთავრობა რეგულარული ფრენების განახლებას 1 აგვისტომდე არ გეგმავს.

როგორ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში გამგზავრებას?

„Sputnik-საქართველომ“ ამ კითხვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე Georgian Airways-სთვის მიგვემართა, რადგან ავიაკომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩარტერული რეისებით საქართველოს მოქალაქეების გამგზავრება ევროკავშირში.

სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად Georgian Airways-სთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. თუმცა, ცნობილია, რომ რეგულარული მიმოსვლის აღდგენამდე Georgian Airways კვლავ განახორციელებს მორიგ ჩარტერულ რეისებს. ქართული ავიაკომპანია ივლისში ჩარტერულ რეისებს ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით შეასრულებს. კერძოდ, ამსტერდამის მიმართულებით – შვიდი, ვენის მიმართულებით – ორი, თელ-ავივის მიმართულებით კი ერთი რეისი განხორციელდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ რეისებზე საქართველოდან ევროპის მიმართულებით ბილეთებს (დღევანდელი მდგომარეობით) უკვე ყიდის კომპანია...

ერთბაშად ათი ჩარტერული რეისი – რომელ ქვეყნებში განხორციელდება ფრენები საქართველოდან

ვის შეუძლია საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა:

კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა შეიზღუდა. როგორც „Sputnik-საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე ეს შეზღუდვა კვლავ მოქმედებს და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა არ შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, გარდა:

- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისა;

- შერეული ოჯახებისა, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;

- ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირებისა, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები);

ტიკარაძე: უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ მოქალაქეებს მთავრობა დაეხმარება

- მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებისა – გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;

- სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებისა;

- საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისა.

- ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად.

რა უნდა გააკეთონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, თუ ვერ ახერხებენ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათთვის საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა 2020 წლის 30 ივნისამდეა გახანგრძლივებული. ჯერჯერობით უცნობია, გადაიწევს თუ არა ეს თარიღიც.

საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა გადადო – როდემდე აიკრძალა ავიამიმოსვლა

როგორც „Sputnik-საქართველოს“ იუსტიციის სახლში განუცხადეს, გახანგრძლივდება თუ არა ეს ვადა 30 ივნისის შემდეგ, ამის შესახებ ჯერჯერობით რაიმე მითითება არ მიუღიათ. თუმცა, თუ პირს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოწურული აქვს და ვერ ახერხებს ქვეყნის დატოვებას, მან განაცხადით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს, რათა გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 18 მარტიდან შეიზღუდა, 21 მარტიდან კი რეგულარული საერთაშორისო ფრენები შეწყდა.

რაც შეეხება ევროკავშირს, კორონავირუსის პანდემიის გამო მან მესამე ქვეყნების მოგზაურებისთვის საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა.