მსოფლიო დღეს

„ქრისტეს ქანდაკებები უნდა განადგურდეს“ – რას ითხოვს აქტივისტი

მოძრაობის აქტივისტი მოითხოვს განადგურდეს ყველა ის ქანდაკება, რომლებზეც იესო ქრისტე თეთრკანიან ევროპელადაა წარმოდგენილი
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ყოფილმა პასტორმა და ამჟამად მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტმა შონ კინგმა იესო ქრისტეს იმ ქანდაკებების აღება მოითხოვა, რომლებზეც ის თეთრკანიან ევროპელადაა გამოსახული.

ამერიკელმა აქტივისტმა მსგავსი მოსაზრება საკუთარ Twitter-ზე გამოთქვა.

„დიახ, მიმაჩნია, რომ იესოს ის ქანდაკებები, სადაც ის თეთრკანიან ევროპელადაა წარმოდგენილი, უნდა ავიღოთ. ეს თეთრი რასის აღმატებულების ფორმაა. ბიბლიაში, როცა იესო ქრისტეს ოჯახი დამალვას და მოსახლეობასთან შერევას ცდილობს, გამოიცანით, სად მიდიან ისინი? ეგვიპტეში! არა დანიაში. ასაღებია“, — დაწერა ექს-პასტორმა.

​კინგის აზრით, გარდა თეთრკანიანი იესოს ყველა ქანდაკების აღებისა, ასევე საჭიროა განადგურდეს მასთან დაკავშირებული ყველა სიმბოლიკა, კერძოდ — ფრესკები, ნახატები და ვიტრაჟები, ვინაიდან ეს „თეთრი შოვინიზმის“ გამოვლინებაა.  

ფლოიდის მცირეწლოვან ქალიშვილს DIsney-ს აქციები გადაეცა: ცნობილი მსახიობის საჩუქარი

შონ კინგის ტვიტს ათობით ათასი აღშფოთებული ადამიანი გამოეხმაურა. კომენტატორები წერენ, რომ სხვადასხვა ხალხები ისე გამოსახავენ იესოს, როგორადაც საკუთარ თავს ხედავენ, ანუ თავიანთ მსგავსად. შესაბამისად, ევროპელები მას ევროპელად გამოსახავენ და თეთრი ქრისტეს ქანდაკებების განადგურება ასევე არის რასიზმი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალურ ხელისუფლებას მისცა უფლება, დააკავოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს დააზიანოს ან გაანადგუროს ძეგლები. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ძეგლების მიმართ ვანდალიზმი შეიძლება განიხილებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულად, რომელიც ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.